მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი უცხოელი სწავლობს საქართველოში, რომელთა სახელმწიფო უნივერსიტეტებში მიღების შეზღუდვას გეგმავს მთავრობა

უცხოელი სტუდენტები

"უცხოელი სტუდენტები სახელმწიფო უნივერსიტეტებმა უნდა მიიღონ, მხოლოდ კანონით განსაზღვრულ, მკაცრად გამონაკლის შემთხვევებში," - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა და დასძინა, რომ ეს პრინციპი კანონის დონეზე დაინერგება.

არსებული სტატისტიკის თანახმად, საქართველოში სულ 37.1 ათასი უცხოელი სტუდენტია (2024-2025 სასწავლო წელი), 2025-2026 წლის სტატისტიკა ჯერჯერობით გამოქვეყნებული არაა, თუმცა უკანასკნელ წლებში არსებული 20%-იანი ზრდის გათვალისწინებით, ის მიმდინარე სასწავლო წელს, სავარაუდოდ, 44,000-მდე იქნება.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, არიან სახელმწიფო უნივერსიტეტები, სადაც ჭარბად არიან მოზიდული უცხოელი სტუდენტები, რეალურად კი სახელმწიფო უნივერსიტეტების მთავარი ამოცანა სახელმწიფო ამოცანების შესრულება და ქართველი სტუდენტების მომზადება უნდა იყოს, მაგრამ ცალკეული უნივერსიტეტები მოგებაზე არიან ორიენტირებული, რაც ბიზნესის საქმეა.

"ასეთ დროს არის ცალკეული უნივერსიტეტები, რომლებიც უფრო მეტად ორიენტირებული არიან მოგებაზე, რაც არის არსებითად ბიზნესის საქმე და არა სახელმწიფო სექტორის საქმე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კონკრეტული პრინციპი უნდა იყოს დანერგილი საუნივერსიტეტო სისტემაში, ბიზნესი უნდა აკეთოს კერძო სექტორმა, ანუ კერძო უნივერსიტეტებმა და სახელმწიფო ამოცანების შესრულება სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებმა ანუ სახელმწიფო უნივერსიტეტებმა", - განაცხადა კობახიძემ.

საქსტატის თანახმად, თუკი 6 წლის წინ, 2019-2020 სასწავლო წელს 13 ათასი უცხოელი სტუდენტი სწავლობდა, 2024-2025 წლის სეზონზე კი უკვე 37.1 ათასი. ამ სტუდენტების უდიდესი ნაწილი - 91% სამედიცინო მიმართულებით სწავლობს. ამიტომაც უცხოელი სტუდენტების რაოდენობის მატებამ სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან ყველაზე მეტად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შემოსავლების ზრდა განაპირობა. თუკი 2019 წელს ის 145 მილიონ ლარს შეადგენდა, 2025 წელს უნივერსიტეტის ბიუჯეტი უკვე 186 მილიონ ლარს შეადგენს.

ასევე, აღსანიშნავია, რომ TBC Capital-ის სექტორული მიმოხილვის თანახმად, განათლების სექტორისთვის უცხოელი სტუდენტები ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. საგულისხმოა, რომ უცხოელი სტუდენტების 80% კერძო უნივერსიტეტს ირჩევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები