თბილისის მერია უნივერსიტეტის ქუჩიდან ქავთარაძის ქუჩისკენ ახალი გვირაბის გაყვანას გეგმავს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციის თანახმად გვირაბის გაყვანა 14 მილიონი ლარი დაჯდება.
წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, ახალი გვირაბის სიგრძე 110 მეტრი იქნება და ის ორივე ქუჩაზე მოძრაობის განმუხტვას ისახავს მიზნად.
სატენდერო პირობების თანახმად, კომპანიას, რომელიც მერიას აღნიშნული პროექტის განხორციელებას შესთავაზებს, 2019 წლის 1 იანვრიდან განხორციელებული უნდა ჰქონდეს ესტაკადებისა და გვირაბების მშენებლობა, რომელთა საერთო ღირებულებაც აღნიშნული ტენდერის საფასურის 150%-ია, შესაბამისად წარდგენილი მოთხოვნის მიხედვით, ტენდერში მონაწილე კომპანიას განხორციელებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 21 მილიონი ლარის ღირებულების ხიდების, გზაგამტარებისა და გვირაბების მშენებლობა.
ტენდერში მონაწილე კომპანიებმა მერიას 13 მაისის ჩათვლით უნდა წარუდგინონ საკუთარი წინადადებები.