მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობა 1 თვეში დასრულდება - კალაძე

ქავთარაძის გვირაბი

უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობა 1 თვეში უნდა დასრულდეს - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია.

"ვაკის რაიონში, უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გზის და გვირაბის მშენებლობა, დაახლოებით 1 თვეში, მთლიანად უნდა იყოს დასრულებული. იცით, რომ სამუშაოების პირველი ნაწილი იყო საავტომობილო ხიდის პროექტი, რომელიც დასრულებულია და დღეს უამრავი ადამიანი სარგებლობს ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდით. მეორე ეტაპი იყო უკვე უნივერისტეტის და ქავთარაძის ქუჩების დაკავშირება ერთმანეთთან გვირაბით. ჩვენ გასულ წელს დავიწყეთ აღნიშნული სამუშაოების წარმოება და უკვე ერთ თვეში მთლიანად დასრულებული იქნება სამუშაოები.

ძირითადი სამუშაოები უკვე დამთავრებულია. ხორციელდება გვირაბის შესასვლელ-გამოსასველელის პანდუსები მოწყობა, ბეტონის კედლების მშენებლობა, ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოები, სადრენაჟე და სანიაღვრე სისტემების მოწყობა და გვირაბში მონტაჟდება განათების სისტემები", - განაცხადა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში ხორციელდება შავიშვილის ქუჩის რეაბილიტაციაც. როგორც მერი აღნიშნავს, აღნიშნული პროექტის დასრულება ავტომობილების ნაკადების გადანაწილებას შეუწყობს ხელს.

"დაწყებულია მშენებარე გვირაბიდან ქავთარაძემდე არსებული შავიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია განახლება აღნიშნულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს გზის გაფართოების სამუშაოები, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ამ სამუშაოებისთვის საჭირო გახდა არსებული ფარეხების დემონტაჟი, იმისთვის, რომ ავტომობილებმა თავისუფლად შეძლონ გადაადგილება.

[გვირაბი] მოგვცემს შესაძლებლობას, მოვახდინოთ ნაკადების გადანაწილება და დიდი დატვირთვა, რაც მოდის უნივერსიტეტის ქუჩაზე, ბაგების მიმართულებით, მოიხსნას", - განაცხადა კახა კალაძემ.

აღნიშნული პროექტის ღირებულება ₾11.8 მილიონია. გვირაბი უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება და მისი გასასვლელი მიხეილ შავიშვილის ქუჩას შეუერთდება, რომელიც თავის მხრივ, ქავთარაძის ქუჩასთან არის დაკავშირებული. გვირაბში გათვალისწინებულია ავტოტრანსპორტის ორმხრივი მოძრაობა, თითო ზოლი თითო მიმართულებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები