მეღვინეობა George Grey Winery-სთვის 2023 წელი წარმატებული იყო. საექსპორტო ქვეყნებში ქართულ ღვინოზე მოთხოვნამ კომპანიის გაყიდვები წელს 15%-ით გაზარდა. ასე აფასებს განვლილ წელს კომპანიის დამფუძნებელი გიორგი რუხაძე BM.GE-სთან და იმ მიღწევებს ასახელებს, რომელიც კომპანიას წელს ჰქონდა.
„იქიდან გამომდინარე, რომ გაყიდვები განსაკუთრებით საექსპორტო ბაზრებზე გაიზარდა, 2023 წელი გასულ წელთან შედარებით კარგი იყო. 2022 წელს რომელ ქვეყნებშიც შევედით მაგალითად აშშ, იაპონია და ა.შ. ამ მიმართულებიდან განმეორებითი შეკვეთები განხორციელდა, ანუ საექსპორტო ქვეყნებში ზოგადად ქართული ღვინის მიმართ ინტერესი მზარდია.
ჩვენი კომპანიისთვის ერთ-ერთ მიღწევად 2023 წელს ის შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ აშშ-ში ჩვენი პარტნიორის დახმარებით University of Florida-სთან ექსკლუზიური თანამშრომლობის ხელშეკრულება გავაფორმეთ, რომელიც უნივერსიტეტის ფანკლუბებსა და თამაშებზე Grey winery-ს ღვინის გაყიდვას გულისხმობს. ამ უნივერსიტეტის ფანკლუბებში მხოლოდ და მხოლოდ ქართული ღვინო იყიდება, რაც ქართული ღვინის ცნობადობას ზრდის“, - ამბობს გიორგი რუხაძე.
George Grey Winery წლიური წარმადობა გასულ წელს 60 000 ბოთლი იყო, რომლის 90% ექსპორტზე გავიდა. კომპანია დღეისთვის 12 სახეობის ღვინოს აწარმოებს, რომელიც პრემიუმ სეგმენტში იყიდება. საექსპორტო ქვეყნების არეალი კი დივერსიფიცირებულია და აშშ-ს, ჩინეთს, იაპონიას, უზბეკეთს, შვეიცარიას, გერმანიას, ლიხტენშტეინს, ავსტრიასა და უკრაინას მოიცავს.
გიორგი რუხაძე ქართულ ბაზარზე ღვინის მეწარმეების წინაშე მდგარ გამოწვევებსაც ასახელებს და ამბობს, რომ ვითარება წელსაც არ შეცვლილა.
„წელს კომპანიის გაყიდვები ჯამში 15%-ით გაიზარდა. წელს ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვების მცირედი კლება გვქონდა. იქიდან გამომდინარე რომ კომპანიებს ჩვენი ძალიან დიდი დავალიანებები დაუგროვდათ, ამ მაღაზიებიდან ჩვენი ღვინო გამოვიტანეთ, იყო შემთხვევები, როდესაც ბევრი ღვინის ბუტიკი დაიკეტა. ეს მდგომარეობა წლიდან წლამდე არ იცვლება და ყველა მეღვინეობას ეს პრობლემა მაღაზიებიდან თანხის მიღების პრობლემა აქვს“, - აღნიშნავს რუხაძე.
უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიამ წელს აშშ-ში ლიქიორის ექსპორტიც დაიწყო. „ლიქიორთან ერთად აშშ-ში სასმელის დამზადების ისტორიაც გავიტანეთ. Grey Winery-ს ლიქიორს ქალბატონები ნინო მაისურაძე და თიკა ჯაჯანიძე აწარმოებენ და მისი შექმნის ისტორია დატანილია ეტიკეტზე. ამასთან მინდა აღვნიშნო, რომ კიდევ ერთი სასმელი, რომელიც ექსპორტზე ისტორიით გადის ჩვენი ღვინო „გრეისეულია“, რადგან ბოთლზე დატანილ ეტიკეტზე ამერიკელებს ვუყვებით ვახტანგ გორგასლის ისტორიას ვუყვებით და ქართული ღვინის გაყიდვებთან ერთად ჩვენი ქვეყნის ისტორიის პოპულარიზაციასაც ვცდილობთ“, - აღნიშნავს მეღვინე.
George Grey Winery-ს დამფუძნებელს მიაჩნია, რომ ქართული ღვინო გლობალურ ბაზარზე ქვეყნის ელჩია და ამიტომ ქართველი მეწარმეები ღვინის ხარისხის ამაღლებაზე უნდა იყვნენ კონცენტრირებულნი.
„მჯერა, რომ 2024 წელი უკეთესი იქნება. Grey Winery ინარჩუნებს ტემპს და მეტი ქვეყნის გაოცებას შეეცდება. თითოეული ჩვენი ბოთლი საზღვარგარეთ საქართველოს ელჩია და ყველა მეღვინემ რაც შეიძლება ხარისხიანი ღვინო უნდა ვაწარმოოთ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კარგად დავამახსოვროთ თავი“, - აღნიშნავს რუხაძე.