ჰონკონგში ბაზირებული ერთ-ერთი უმსხვილესი ბრიტანული ფინანსური ინსტიტუტის, HSBC-ის ანალიტიკოსების შეფასებით, 2026 წლის პირველ ნახევარში ერთი უნცია ოქროს ფასი ენერგეტიკულ ბირჟაზე $5,000 დოლარამდე გაიზრდება. ექსპერტების განცხადებით, ზრდის გამომწვევი მთავარი მიზეზი გეოპოლიტიკური დაძაბულობის ზრდა იქნება. მკვეთრი ზრდის დაანონსების მიუხედავად, ბანკი ვარაუდობს, რომ წლის განმავლობაში ოქროს ფასი საშუალოდ მაინც $4,587 დოლარი იქნება. თუმცა განმარტავენ, რომ ეს პროგნოზი მსოფლიოში მიმდინარე ამჟამინდელ მოვლენებზეა გათვლილი და არ გამორიცხავენ, რომ წლის განმავლობაში კორექციაც, ანუ კლებაც ვიხილოთ, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ გეოპოლიტიკური რისკები შემცირდება, ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური ბანკი კი მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებას შეწყვეტს.
როგორც HSBC-ში აცხადებენ, წლის განმავლობაში ერთი უნცია ოქროს ფასი მაქსიმუმ $5,050 დოლარს მიაღწევს, მინიმალური მაჩვენებელი კი $3,950 იქნება. ოღონდ ეს იმ შემთხვევაში, თუ პროცესების განვითარების პოზიტიური პროგნოზები გამართლდება. ფინანსური ინსტიტუტის ანალიტიკოსებმა 2027 და 2027 წლის წინასწარი პროგნოზებიც გააჟღერეს. კერძოდ, მომავალ წელს ოქროს ფასი, საშუალოდ, $100 დოლარით უნდა გაიზარდოს და $4,625 დოლარზე დაფიქსირდეს, ორ წელიწადში კი უნციის ფასმა, საშუალოდ, $4,700-სს მიაღწიოს. აქვე შეგახსენებთ, რომ გასული წლის დასაწყისში ფინანსური ინსტიტუტების მიერ ნავარაუდები ოქროს ზრდის არცერთი პროგნოზი არ გამართლდა. დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის მიუხედავად, არცერთი მათგანი არ პროგნოზირებდა, რომ წლის განმავლობაში ოქროს ფასი მკვეთრად გაიზრდებოდა. იგივე HSBC-ს შემთხვევაში, მისი ანალიტიკოსები 2025 წლის დასაწყისში ვარაუდობდნენ, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში ოქროს ფასი, საშუალოდ, $1,980 დოლარი იქნებოდა, თუმცა ტრამპის გაპრეზიდენტებისა და დაპირებული სატარიფო ომის ფონზე, წლის ბოლოს ოქროს ფასი $4,427 დოლარამდე ავიდა და წლიურ ჭრილში 64%-იანი ზრდა დააფიქსირა.




























