მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

UNWTO $100 მლნ-იან საინვესტიციო ფონდს ქმნის - 3 პროექტი

6017be058bacc
ვიქტორია მღებრიშვილი
01.02.21 13:40
1845
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია მარტში $100 მილიონიანი საინვესტიციო ფონდის პრეზენტაციას გამართავს. ამ თემაზე UNWTO-ს მეორე ვადით არჩეულმა გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა „Forbes კვირასთან“ ინტერვიუში დეტალურად ისაუბრა. მისი ინფორმაციით, თავდაპირველად, ფონდის მთავარი დონორი საუდის არაბეთი იქნება.

„მარტში ვხსნით საკმაოდ წარმომადგენლობით და დიდ ოფისს რიადში (საუდის არაბეთის დედაქალაქი), სადაც საინვესტიციო ფონდის პრეზენტაცია გაიმართება. ფონდი საუდის არაბეთის მთავრობასთან ერთად იქმნება და შემდეგ სხვადასხვა ქვეყნებიც შემოუერთდებიან. საუდის არაბეთის მხარესთან ყოველი შეხვედრისას ეს რიცხვები და მასშტაბები იზრდება. მარტამდე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ამ პროექტების ბიუჯეტი მინიმუმ გაორმაგდება. ჩვენ ძალიან საინტერესო პარტნიორები გვყავს, ასევე, გვყავს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები და დონორები; ასე რომ, ვფიქრობთ, ფონდის შემთხვევაში, საკმაოდ დიდ დაფინანსებაზეა საუბარი“, - განმარტა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

მისივე თქმით, საინვესტიციო ფონდის ფარგლებში პირველ ეტაპზე 3 მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება - წევრი სახელმწიფოების პოსტ-კოვიდური ტურიზმის აღდგენა, "მსოფლიოს 1 000 საუკეთესო ტურისტული სოფელი", რომელიც პირველად საქართველოში UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე გაჟღერდა და "მეგა ტურისტული აკადემია".

"ფონდის სახსრები სხვადასხვა მიმართულებას მოხმარდება - ერთი იქნება პოსტ-კოვიდური სიტუაციის აღდგენა წევრ სახელმწიფოებში და მეორე, ასევე, ძალიან მასშტაბური და ამბიციური პროექტია სოფლის მეურნეობის ტურიზმის განვითარება და რეგიონალური განვითარება სხვადასხვა ქვეყნებში. ჩვენ აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე წარმოვადგინეთ 1 000 საუკეთესო სოფლის პროექტი. სწორედ საინვესტიციო ფონდი დააფინანსებს 1 000 საუკეთესო ტურისტული სოფლის განვითარებას. ეს საკმაოდ ინოვაციური პროექტია და ვფიქრობ, საქართველოშიც იქნება იმის საშუალება, რომ მსოფლიოს მასშტაბით, ერთ-ერთი საუკეთესო სოფელი გვქონდეს.

ამასთან, საუდის არაბეთის მთავრობის და კონკრეტულად პრინცის მხარდაჭერით, ვაფუძნებთ მსოფლიოში პირველ მეგა ტურისტულ აკადემიას; ამ პროექტის პრეზენტაცია მარტში ოფისის გახსნისას გვექნება. აკადემიის მშენებლობა საუდის არაბეთის დედაქალაქში რიადში დაწყებულია და პირველ ეტაპზე მის განვითარებას ონლაინ-პროდუქტების საშუალებით დავიწყებთ“, - განაცხადა "Forbes კვირასთან" ინტერვიუში UNWTO-ს გენერალურმა მდივანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები