მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უცხოური მედია პოლოლიკაშვილისა და ბაჩიაშვილის საქმეებზე, საქართველო-UAE-ს სავარაუდო გარიგებაზე წერს

პოლოლიკაშვილი

"გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებასთან დაკავშირებული გარემოებები და საქართველოს მიერ პოზიციის უეცარი ცვლა, აღვივებს ეჭვებს თბილისსა და აბუ-დაბის შორის სავარაუდო გარიგების შესახებ, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის საარჩევნო პროცესში ჩარევის მიზნით", - ასე იწყება The Diplomat-ის სტატია, რომელშიც გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის არჩევნების წინ, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის სავარაუდო შეთანხმებაზეა საუბარი.

კერძოდ, საქმე ეხება საამიროებში გაქცეული გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებას და მანამდე გავრცელებულ ცნობებს, რომ საქართველო UNWTO-ს ხელმძღვანელის არჩევნებიდან ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურას მოხსნიდა და მხარს საამიროების კანდიდატს დაუჭერდა.

"საქმე ეხება გიორგი ბაჩიაშვილის, ცნობილი ქართველი საინვესტიციო აღმასრულებლისა და ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის ღია კრიტიკოსის დაპატიმრებას. ბაჩიაშვილი, რომელიც თვეების განმავლობაში არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იყო გაქცეული, 27 მაისს კრიპტოვალუტის მითვისების ბრალდებით დააკავეს. ბაჩიაშვილი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ის პოლიტიკურად მოტივირებულია და გამომდინარეობს საქართველოს მმართველი ელიტისგან მისი ჩამოშორებიდან და უკრაინისადმი საჯარო მხარდაჭერიდან.

სხვადასხვა გამოცემების, მათ შორის "Civil Georgia"-ს და "The Guardian"-ის ცნობით, [ბაჩიაშვილი] შესაძლოა, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და საქართველოს მთავრობის თანამშრომლობის შედეგად დააკავეს. ერთი შეხედვით, "იურიდიული საკითხი" ემთხვევა კიდევ ერთ მოვლენას, რომელსაც მნიშვნელოვანი ინსტიტუციური წონა აქვს: საქართველოს მიერ გაეროს ტურიზმის მოქმედი გენერალური მდივნის პოსტზე ზურაბ პოლოლიკაშვილის მხარდაჭერის მოულოდნელი გაუქმება, მაშინ, როცა ის კენჭს მესამე ვადით იყრის", - ნათქვამია The Diplomat-ის სტატიაში.

გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველოს მიერ კანდიდატურის გაწვევამ და საამიროების კანდიდატის მხარდაჭერამ საერთაშორისო დიპლომატიურ საზოგადოებაში გაკვირვება გამოიწვია. სხვადასხვა წყარო ორ ქვეყანას შორის გარიგებასა და ბაჩიაშვილის ექსტრადაციის UNWTO-ს ხელმძღვანელის თანამდებობაში გაცვლაზე საუბრობს.

"სამოქალაქო საზოგადოებამ და ადამიანის უფლებათა დამცველმა არაერთმა ორგანიზაციამ შეშფოთება გამოთქვა საქართველოში ინსტიტუციური მთლიანობის შემაშფოთებელ დესტრუქციასთან დაკავშირებით. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ბაჩიაშვილის საქმე დაგმო, როგორც „კერძო ინტერესებით მართული სასამართლო პროცესი“, ხოლო ადამიანის უფლებათა დამცველმა იურისტმა რობერტ ამსტერდამმა სასამართლო პროცესი „გაყალბებულად“ შეაფასა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, რეაგირება მოახდინოს ქვეყანაში კანონის უზენაესობის გაუარესებაზე", - წერს გამოცემა.

გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის არჩევნები 29-30 მაისსაა ჩანიშნული და მსოფლიოში დაძაბული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე ჩატარდება. დიპლომატიური და საერთაშორისო საზოგადოებები გაეროს საარჩევნო პროცესის სრული გამჭვირვალობით ჩატარებისკენ მოუწოდებენ.

ცნობისთვის: „ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს, რომ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პრეზიდენტობის კანდიდატურიდან ზურაბ პოლოლიკაშვილის მოხსნა გიორგი ბაჩიაშვილზე არ გაუცვლიათ.

საქართველომ შესაძლოა, გაეროში პოლოლიკაშვილის ნაცვლად UAE-ს კანდიდატს დაუჭიროს მხარი - Diplomat

გიორგი ბაჩიაშვილი დაკავებულია - სუს

ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ბაჩიაშვილი პოლოლიკაშვილის კანდიდატურაში არ გაუცვლიათ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები