მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

UNWTO-ს გენმდივნობის 8 წელი - როგორი იყო ზურაბ პოლოლიკაშვილის ორი ვადა?

UNWTO

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) ქართველი ხელმძღვანელი, ზურაბ პოლოლიკაშვილი თანამდებობის მესამე ვადით დაკავებისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

"ქართულმა ოცნებამ“ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა წარადგინა, თუმცა შემდეგ მოხსნა და აცხადებს, რომ მხარს არაბთა გაერთიანებული საამიროების (UAE) კანდიდატს დაუჭერს.

პოლოლიკაშვილი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად პირველი ვადით 2017 წელს, ხოლო მეორე ვადით 2021 წელს დაამტკიცეს და მისი უფლებამოსილება მიმდინარე წლის 31 დეკემბერს იწურება.

"ვულოცავ ზურას და სრულიად საქართველოს ამ ძალიან მნიშვნელოვან გამარჯვებას",- აცხადებდა ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი მარიამ ქვრივიშვილი 2021 წელს.

აღსანიშნავია, რომ ზურაბ პოლოლიკაშვილის გენერალურ მდივნობას გლობალური ტურიზმისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული და გამოწვევებით სავსე კოვიდ პანდემიის პერიოდი დაემთხვა.

ამასთან, მისი ინიციატივით, 2022 წელს, რუსეთს, უკრაინაში შეჭრის გამო, UNWTO-ს წევრობა შეუჩერდა.

“ომი არასდროს არის გამოსავალი. არც ახლა და არც არასდროს, თუმცა აშკარაა, რომ ამ იდეის ერთგული ყველა არ არის. ამ მიზეზით UNWTO და მე, როგორც ამ ორგანიზაციის ხმამ, ხმამაღლა და ნათლად უნდა ვთქვა, რომ თუ წევრი ხარ, ჩვენს წესებს იღებ, უნდა გაითავისო ჩვენი ღირებულებები. როცა წევრები ჩვენი მიზნის წინააღმდეგ მიდიან, შედეგიც უნდა დადგეს", - ამბობდა ზურაბ პოლოლიკაშვილი.

2021 წელს, მადრიდში მიმდინარე მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე საქართველო პირველად აირჩიეს ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად, 4 წლით. აღმასრულებელი საბჭო ორგანიზაციის მთავარი გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა და მოიცავს 35 წევრ ქვეყანას. სწორედ მისი წარდგინებით ხდება გენერალური მდივნის დამტკიცება.

პოლოლიკაშვილის გენმდივნობის პირობებში, საქართველომ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, 2024 წელს პირველად უმასპინძლა მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას. მისი თემა „ტურიზმი და მშვიდობა“ იყო.

"გადაწყდა, რომ 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღე აღინიშნება საქართველოში, რაც რა თქმა უნდა, ძალიან მისასალმებელი გადაწყვეტილებაა, მინდა ყველას მადლობა გადავუხადო მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ბატონ ზურაბ პოლოლიკაშვილს და ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში",- ამბობდა 2023 წელს ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც იმ დროისთვის პრემიერის თანამდებობას იკავებდა.

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია გაეროს სპეციალიზებული ორგანო, რომელიც არის წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაცია ტურიზმის სფეროში. ის 1974 წელს, მადრიდში დაფუძნდა და 160 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს.

ახალი გენერალური მდივანი, რომელიც თანამდებობას 2026-2029 წლებში დაიკავებს, ერ-რიადში, UNWTO-ს 26-ე სესიაზე აირჩევა, რომელიც 7-დან 11 ნოემბრამდე გაიმართება. 160 ქვეყნისგან შემდგარი UNWTO-ს გენერალური მდივანი დაინიშნება დამსწრე სრული წევრების ორი მესამედის უმრავლესობით, საბჭოს წარდგინებით.

ზურაბ პოლოლიკაშვილი 6 კანდიდატიდან ერთ-ერთი იყო, შესაბამისად, UNWTO-ს გენმდივანი შემდეგი 5 დარჩენილი კანდიდატიდან აირჩევა:

  • გლორია გევარა (მექსიკა)
  • ჰაბიბ ამარი (ტუნისი)
  • მუჰამედ ადამი (განა)
  • შაიხა ალ ნოვაისი (არაბთა გაერთიანებული საამიროები)
  • ჰარი თეოჰარისი (საბერძნეთი)

ვინ არის UAE-ს კანდიდატი, რომელსაც საქართველო UNWTO-ს გენმდივნის თანამდებობაზე მხარს დაუჭერს?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები