მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ოცნებამ“ UNWTO-ს გენმდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა მოხსნა

ზურაბ პოლოლიკაშვილი

“ქართული ოცნების“ მთავრობა ადასტურებს, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ წარადგინა, თავადვე უკან გაიწვია და საქართველო მხარს დაუჭერს არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს.

ამის შესახებ BMG-ის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს, თუმცა ჯერჯერობით, არ გვიპასუხეს კითხვაზე, რატომ მოხსნა "ოცნების" მთავრობამ ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა.

მისივე ინფორმაციით, სპეკულაციაა, რომ ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა რომელიმე კონკრეტული კანდიდატის გამო მოიხსნა.

„გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა საქართველოს ხელისუფლებამ წარადგინა, თუმცა მოგვიანებით მისი კანდიდატურა თავისივე გადაწყვეტილებით გაიწვია.

სპეკულაციაა იმაზე საუბარი, რომ ზურაბ პოლილიკაშვილის კანდიდატურა რომელიმე კონკრეტული კანდიდატის გამო მოიხსნა.

აქვე ვადასტურებთ, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე საქართველო მხარს დაუჭერს არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის წერილობით განმარტებაში.

ცნობისთვის: გუშინ ონლაინგამოცემა The Diplomat-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობამ, შესაძლოა, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის მესამე ვადით არჩევას მხარი არ დაუჭიროს და მის ნაცვლად, არაბთა გაერთიანებული საამიროების კანდიდატს მისცეს ხმა. გამოცემა წერდა, რომ ეს გადაწყვეტილება გარკვეულწილად არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან (UAE) დადებული ფარული შეთანხმების ნაწილია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები