მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ურეკში ახალი ტურისტული ობიექტი„გურული ქოხები“ გაიხსნა - რას სთავაზობს მომხმარებელს?

გურული ქოხები

ტურისტული ობიექტი „გურული ქოხები“ მიმდინარე წელს, აპრილში ურეკიდან 5 წუთის, ხოლო ფოთიდან 10 წუთის სამანქანო გზაზე გაიხსნა.

როგორც ტურისტული ობიექტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, სანდრო გუჯაბიძე BM.GE-სთან აცხადებს, ობიექტი 9 იდენტურ განთავსების ობიექტს მოიცავს, საიდანაც 2 ზღვის ხედით, ხოლო 7 ტყის მიმდებარედაა აშენებული.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სივრცე სულ რამდენიმე თვეა რაც გაიხსნა, მასზე მოთხოვნა და ინტერესი მოულოდნელად დიდია. გარდა განთავსებისა, ტერიტორიის სიდიდიდან გამომდინარე, ობიექტზე სხვადასხვა კონფერენციებისა თუ ღონისძიებების დაგეგმვაც არის შესაძლებელი.

„მაისიდან - ივლისამდე 40-45%-ით დატვირთულები ვიყავით, ხოლო ივლისი - აგვისტოს თვეებში 100%-ით დატვირთულები ვართ. 1 ღამით განთავსება, 350 ლარი ღირს. თუმცა სერვისში კვება არ შედის. სამაგიეროდ, კოტეჯი ყველა საჭირო ატრიბუტითაა სრულად აღჭურვილი, რაც მომხმარებელს მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს. გარდა ამისა, გარშემო არაერთი მარკეტია, რაც პროდუქტზე ხელმისაწვდომობას განაპირობებს.

სივრცეში გამოყოფილია საპიკნიკე ზონა, სადაც მწვადების შეწვა შეიძლება და საბავშვო ზონა, რომელიც მწვანე ზონაშია მოქცეული. ასევე, პირადი პარკინგი და ზღვაზე გადასასვლელი ბილიკი. გარდა ამისა, მომხმარებლებს იახტისა და კაიაკით გასეირნების ტურებს ვთავაზობთ. რადგანაც პალიასტომის ტბა და ქართული ამაზონი ჩვენთან ახლოსაა, სურვილის შემთხვევაში ამ ტერიტორიების ჩვენებაც. 60% ძირითადად ევროპისა და აზიის ქვეყნებიდან არიან, ხოლო 40% ადგილობრივი დამსვენებლები არიან. კოტეჯში 3 უფროსი და 1 ბავშვის განთავსებაა შესაძლებელი“,-აცხადებს გუჯაბიძე.

ობიექტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი სამომავლო გეგმებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ტერიტორიაზე ქართველი მწერალი, ნოდარ დუმბაძე ხშირად ისვენებდა, შესაბამისად მომავალ წელს მისი სახელობის კოტეჯის აშენება იგეგმება, რომელიც ჯამში 5 ადამიანს უმასპინძლებს. კოტეჯი ქართული ორნამენტებითა და ქართული ტრადიციული ელემენტებით იქნება აღჭურვილი. ამჟამად პროექტზე მიმდინარეობს მუშაობა, თუმცა სავარაუდოდ ამ კუთხით უფრო შემოდგომაზე გავაქტიურდებით, რათა მომავალი წლის გაზაფხული - ზაფხულისთვის კოტეჯმა სტუმრები მიიღოს.

გუჯაბიძის თქმით, კოტეჯში განთავსების ღირებულება, არსებული კოტეჯებისგან განსხვავებული იქნება. უახლოესი 2 წლის პერიოდში კი, კიდევ 9 კოტეჯის დამატებაც არის დაგეგმილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები