ევროპული კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროპარლამენტის მიერ უნდობლობის გამოცხადებას მეოთხედ გადაურჩა. აღსანიშნავია, რომ მისი გადაყენების ინიციატივა ამჯერად ულტრამემარჯვენე გაერთიანებამ, “პატრიოტები ევროპისთვის” შეიტანა. აღსანიშნავი ფაქტია, რომ ულტრამემარჯვენე და ულტრამემარცხენე პოლიტიკურმა გაერთიანებებმა ფონ დერ ლაიენის გადაყენება ბოლო 6 თვეში მეოთხედ სცადეს, თუმცა, ამჯერადაც უშედეგოდ. უშედეგოდ, რადგან ამ იდეის წინააღმდეგ ხმა დამსწრე 565 ევროპარლამენტარიდან 390-მა მისცა. ინიციატივას მხარი 165-მა კანონმდებელმა დაუჭირა, 10-მა კი თავი შეიკავა.
განმარტებისთვის, “პატრიოტები ევროპელებისთვის” ევროპული კომისიის პრეზიდენტის გადაყენებას ამჯერად ევროკავშირ-მერკოსურის სავაჭრო შეთანხმების დადებისას წევრი ქვეყნების ინტერესების არასაკმარისად დაცვის გამო ითხოვდნენ. მათი შეფასებით, ფონ დერ ლაიენმა ადგილობრივი ფერმერების მოთხოვნები არ გაითვალისწინა და ისეთი გარიგება გააფორმა, რომელიც სწორედ ევროპელ ფერმერებს დააზიანებს. ცნობისთვის, ევროკავშირსა და მერკოსურს, ანუ სამხრეთ ამერიკის წამყვან ქვეყნებს შორის სავაჭრო შეთანხმებას ხელი 17 იანვარს მოეწერა. მასზე მუშაობა 25 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.
აღსანიშნავია, რომ უნდობლობის გამოცხადების კენჭისყრას თავად ევროპული კომისიის პრეზიდენტი არ ესწრებოდა, თუმცა შედეგების გამოვლენის შემდეგ მხარდამჭერ ევროპარლამენტარებს მადლობა გადაუხადა. ამასთან, თქვა, რომ ევროკავშირის ინტერესების დაცვას ყველა პლატფორმაზე გააგრძელებს, იმისდა მიუხედავად, თუ რამდენჯერ ცდიან მის გადაყენებას. ცნობისთვის ევროპარლამენტში არსებულ პოლიტიკურ გაერთიანებაში “პატრიოტები ევროპისთვის” ფრანგული, უნგრული, ჩეხური, ესპანური, იტალიური, ავსტრიული, ნიდერლანდური, ბელგიური, პორტუგალიური და დანიური ულტრამემარჯვენე პარტიები არიან თავმოყრილი.




























