ევროპული კომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, 2028-2034 წლებში, ევროკავშირის ბიუჯეტი რეკორდულ €2 ტრილიონამდე უნდა გაიზარდოს. ახალ საბიუჯეტო მონახაზში, რომელიც ევროპული კომისიის ხელმძღვანელმა გასულ კვირას, ბრიუსელში წარადგინა, აქცენტი ევროკავშირის გაზრდილ კონკურენტუნარიანობაზე და თავდაცვაზე კეთდება, როცა სოფლის მეურნეობის და რეგიონული განვითარების მიმართულებები მნიშვნელოვნად გადაიხედება და, შესაბამისად, შემცირდება, რადგან თუკი ევროპარლამენტმა ეს პროექტი დაამტკიცა, ევროკავშირის პრიორიტეტები შეიცვლება.
ევროკავშირის ბიუჯეტი წევრი სახელმწიფოების შენატანებით ივსება და თუ 2034 წლამდე ორგანიზაციამ დამატებითი წევრები მიიღო, ჯამური თანხა, სავარაუდოდ, კიდევ ერთხელ დაკორექტირდება. ამჟამინდელი მონაცემებით, ახალი ბიუჯეტი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთლიანი ეროვნული პროდუქტის ჯამის 1.26%-ია, ანუ ამ მხრივ მცირედი ზრდა გვაქვს. გაზრდილი ბიუჯეტის შევსებისთვის, ევროპული კომისია ახალ გადასახადებს აანონსებს, მათ შორის განიხილება ისეთი კომპანიების დამატებით დაბეგვრა, რომელთა წლიური ბრუნვა €100 მილიონს აღემატება.
ევროკავშირის ახალ საპროექტო ბიუჯეტში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული თავდაცვაზე, რისთვისაც დოკუმენტში €451-მილიარდიანი “ევროპის კონკურენტუნარიანობის ფონდი” გამოჩნდა, რომლის მიზანი ინოვაციების და განახლებადი ენერგიის წახალისების გზით ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების თავდაცვისუნარიანობის გაზრდაა. კონკრეტულად თავდაცვის და კოსმოსის მიმართულებით ამ ფონდიდან €131 მილიარდი გამოიყოფა, რაც ამჟამინდელ მაჩვენებელს ერთბაშად ხუთჯერ აღემატება და ევროპაში და NATO-ში მიმდინარე ცვლილებებს ასახავს. დამატებით ცალკე €100 მილიარდის გამოყოფა იგეგმება უკრაინისთვის.
ბიუჯეტი, რომელსაც ევროკომისიის პრეზიდენტი წარადგენს, როგორც წესი, ფაქტობრივად ყოველთვის იცვლება, რადგან მის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას წევრი სახელმწიფოების ლიდერები იღებენ, რაც ამ პროცესს მეტად პოლიტიკურს აქცევს. მოლაპარაკებებისთვის ევროკავშირის წევრ ქვეყნებს დაახლოებით ერთი წელი ექნებათ და მსოფლიოში და მათ შორის ევროკავშირში მიმდინარე პროცესების ფონზე, შესაძლოა, სახელმწიფოებმა ურსულა ფონ დერ ლაიენის ამბიციურ წინადადებაზე უარი განაცხადონ.




























