მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

USA2GEORGIA-ს მიერ მომხმარებლის უფლებების შესაძლო დარღვევის შესწავლა დაიწყო - კონკურენციის სააგენტო

63a00a72e3b4a
ინგა მურუსიძე
19.12.22 10:58
882
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ USA2GEORGIA-ს მიერ მომხმარებლის უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტზე საქმის შესწავლა დაიწყო, - ამის შესახებ სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი.

საქმე ეხება „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტს.

„საკითხი ეხება - აშშ-დან, მომხმარებლების მიერ ნივთის დისტანციურად შეძენისას, ტრანსპორტირების საფასურის გამოთვლის წესის ცვლილებას. განმცხადებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გადამზიდმა კომპანიამ USA2GEORGIA-მ მომხმარებლების გაფრთხილების გარეშე, წონის გამოთვლის წესი შეცვალა და ნაცვლად რეალური წონისა, მოცულობითი წონის გამოთვლის ფორმულა გამოიყენა, რამაც ღირებულება მკვეთრად გაზარდა.

აგრეთვე, როგორც მომხმარებლის მიერ წარმოდგენილ განცხადებაშია აღნიშნული, ონლაინ მაღაზიებიის მიერ (ამერიკის შეერთებულ შტატებში) მიტანილი ნივთები USA2GEORGIA-მ ვებ-გვერდზე დაგვიანებით ასახა, რის შედეგადაც მომხმარებელს გადაფუთვის მომსახურებით სარგებლობის უფლება შეეზღუდა. განცხადებაში წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, მომხმარებლები ცვლილების შესახებ ინფორმირებულები არ იყვნენ.

ინფორმაციისთვის: მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, 1 ნოემბრიდან დღემდე, სააგენტოში 70-მდე განაცხადია შემოსული, 23 ქეისზე საქმის შესწავლა უკვე დაწყებულია.

კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, სააგენტო საქმეს განიხილავს 1 თვის ვადაში, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს 3 თვემდე და იღებს გადაწყვეტილებას, დარღვევის დადასტურების ან უარყოფის შესახებ. დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტო მოვაჭრეს განუსაზღვრავს ვადას და მოსთხოვს დარღვეული უფლების აღდგენას ან/ და აკრძალული ქმედების შეწყვეტას. სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ეკისრება ჯარიმა გასული წლის ფინანსური ბრუნვის 2%-მდე მოცულობით“, - ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები