იურისტების შეფასებით, ბოლო პერიოდში გააქტიურებული შიდა განვადებების გამო მომხმარებლების დიდი ნაწილი დაუცველია. როგორც იურიდიული კომპანია „ოქეი ენდ სი ჯის“ დამფუძნებელი ოთარ კაჭკაჭიშვილი გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტთან“ განმარტავს დეველოპერები ერთდროულად ასრულებენ როგორც მშენებლების, ისე ფინანსური ორგანიზაციების როლს, თუმცა ბანკებისგან განსხვავებით ისინი მომხმარებლებს პოტენციური დანაკარგების შემთხვევაში დაცვის მექანიზმებს ვერ სთავაზობენ.
მომხმარებლები ხშირად იხდიან თანხებს შიდა განვადებებით, მაგრამ ხელშეკრულებები უმეტეს შემთხვევაში საჯარო რეესტრში არ რეგისტრირდება. ეს კი ნიშნავს, რომ ადამიანების მიერ გადახდილი თანხა „ფარატინა ფურცელზეა“ და პრობლემის შემთხვევაში მათი ინვესტიცია დაუცველი რჩება.
„უსაფრთხო უძრავი ქონება არ ნიშნავს უსაფრთხოებას მხოლოდ დეველოპმენტის მხრიდან ან საფინანსო ორგანიზაციების მიმართ. აქ საუბარია მომხმარებლებზე და მე მინდა, რომ ყურადღება აი, ამ ნაწილს დავუთმო.
უსაფრთხო ქონება ვერ შეიქმნება, თუ ყველა მდგენელი ამ კომპონენტში არ გრძნობს თავს უსაფრთხოდ. დეველოპერი ერთი მხრივ გამოვიდა მშენებელი და მეორე მხრივ, საფინანსო ორგანიზაცია. დიახ, ის აქტიურად იზიდავს ფინანსურ სახსრებს სხვადასხვა სარეკლამო პოლიტიკით და ძალიან წააგავს საფინანსო ორგანიზაციების მიერ მოწოდებას „მობრძანდით, თანხები შემოიტანეთ ჩვენთან და სამაგიეროდ ჩვენ ამას გავაკეთებთ, იმას გავაკეთებთ.“ ეს არ არის უსაფრთხოება, აქ მე ძალიან დიდ რისკებს ვხედავ.
მესმის, რომ არიან მაღალკვალიფიციური სამშენებლო კომპანიები, რომელთაც აქვთ თავიანთი კაპიტალი, ზოგს აქციები აქვს, ზოგს როგორ აქვს დაზღვეული, თუმცა ის არ არის დაცული იმ რეგულაციებით, როგორც საფინანსო ორგანიზაციები. ბანკებს, საფინანსო ინსტიტუტებს აქვთ რეგულაციები. ისინი თუ მოიზიდავენ რაღაც X ლარს, ვალდებულები არიან, მოახდინონ საგარანტიო თანხების დეპონირება რომ მოსახლეობა თუ აქციონერები არ დაზიანდნენ. აქ ეს არ გვაქვს, მოქალაქეები იხდიან თანხას შიდა განვადებებში. ბევრი კომპანია საერთოდ არ არეგისტრირებს ამ ხელშეკრულებას, არ გამოაქვს მზის სინათლეზე, ესე ვთქვათ. მომხმარებლებს აქვთ მხოლოდ ფარატინა ფურცელი და თუ რამე მოხდება, მომხმარებელს ძალიან გაუჭირდება იმის მტკიცება, საერთოდ მოახდინა თუ არა ინვესტირება, გააკეთა თუ არა განვადება, იმიტომ, რომ ის საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის.
აქ საკითხი დგას ასე, დეველოპერეს რომ ფეხი გადაუბრუნდეს და ვერ შეძლოს პროექტის შესრულება, ან საგადასახადოსთან შეექმნა პრობლემები, ასეთ შემთხვევაში მომხმარებელი დაუცველია, იწყება სააღსრულებო მოქმედებები მაგრამ არ ჩანს მომხმარებლის შენატანები და შეიძლება დავდგეთ ისეთი რისკის წინაშე როგორიც დავდექით სხვადასხვა ფინანსური პირამიდების დროს.“ - განაცხადა ოთარ კაჭკაჭიშვილმა.




























