მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

USAID-ის მხარდაჭერით საქართველო მსოფლიოში ცნობილ ბლოგერებსა და ინფლუენსერებს უმასპინძლებს

60aceee4215e8
ვიქტორია მღებრიშვილი
25.05.21 19:32
580
26 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით მსოფლიოში ცნობილ ბლოგერებსა და ინფლუენსერებს უმასპინძლებს. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, „ციფრული დღეები საქართველოში“ პროექტის ფარგლებში ამერიკული პლატფორმა Steller-ის საშუალებით Facebook-ის, Instagram-ის, Youtube-ისა და სხვა სოციალური ქსელების წამყვანი ბლოგერებისა და ინფლუენსერებისთვის პრესტური მოეწყობა. ჯამში, საქართველოს 20-მდე ბლოგერი ეწვევა.

პროექტის ფარგლებში ბლოგერები და ინფლუენსერები როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად თბილისს, გუდაურს, სტეფანწმინდას, თრუსოს ხეობას, ქუთაისს, პრომეთეს მღვიმეს, ბათუმს, მესტიას და სხვა ტურისტულად საინტერესო ადგილებს ეწვევიან.

„პრეს-ტურის მონაწილეები სოციალურ ქსელებში პოპულარიზაციას გაუწევენ საქართველოს სათავგადასავლო, ეკო, კულტურულ ტურისტულ მიმართულებებსა და პროდუქტებს. პროექტის ფარგლებში სოციალურ ქსელებში საქართველოს მიმზიდველი ადგილებისა და ხალხის შესახებ ასობით ისტორია მომზადდება. შექმნილი მედიაპროდუქტი სოციალურ ქსელებთან ერთად Steller-ის ვებგვერდზე განთავსდება. პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში ტურისტების მოზიდვას და ქვეყნის ტურისტული ცნობადობის გაზრდას, როგორც აშშ-ში, ასევე ევროპისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში“, - აცხადებენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.

ცნობისთვის: Steller-მა მსგავსი კამპანია 2019 წელს ირლანდიაში გამართა, შედეგად სოციალურ ქსელებში 72 მილიონი ნახვა და რეაქცია მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები