ბიზნესმენი თემურ ჭყონია ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობა ევროკომისიის ცხრა დათქმას შეასრულებს, რადგან რეფორმები, რომელიც ცხრა პუნქტადაა გაწერილი, სჭირდება არა - ევროკავშირის, არამედ საქართველოს განვითარებას.
BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე საუბრისას, ბიზნესმენმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სასამართლო სისტემის რეფორმაზე, რომელიც ცხრა დათქმას შორის ერთ-ერთია.
- სასამართლო რეფორმა რომ გასატარებელია, ამისთვის ცხრა დათქმა რაში გვჭირდება?! ყველამ ხომ ისედაც უნდა ვიცოდეთ, რომ სასამართლო უნდა იყოს სამართლიანი. ახლა ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ამის გამკეთებელი ვართ და თუ ეს არ გავაკეთეთ, ვინ ვართ, უსამართლო ქვეყანაში გვინდა ცხოვრება?!
- კითხვა რიტორიკულია და ალბათ ადრესატი მთავრობაა...
- იცით, ხშირად გამიგია პოლიტიკოსებისგან, რომ ჩვენი სასამართლო არის სამართლიანი; ეს მხოლოდ მათი შეფასებაა და მნიშვნელოვანია, რამდენად მართალი შეფასებაა... როდესაც შენ განაცხადს აკეთებ ევროკავშირში შესასვლელად და ევროკომისია გეუბნება - კი, ბატონო მობრძანდით, არაჩვეულებრივი ქვეყანა ხართ თქვენი ისტორიით და კულტურით, მაგრამ გჭირდებათ დამოუკიდებელი სასამართლო, ეს უნდა გამოვასწოროთ. ასევე, ხშირად მომისმენია პოლიტიკოსებისგან - „დაგვიმტკიცონ, რომ უსამართლო სასამართლო გვაქვსო“ - არ სჭირდება ამას დამტკიცება და მით უმეტეს - მათგან; შენი მოსამართლეები როდესაც სანქცირებულია და შენ ეუბნები - დამიმტკიცე, რატომ იმსახურებდნენო, ეს ბავშვური თამაშია. მოკლედ, ცხრა პუნქტი უნდა შევასრულოთ.
ბიზნესმენის თქმითვე, საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებამ სიამაყით და მომავლის იმედით აავსო და სჯერა, რომ ხელისუფლება ცხრა დათქმას შეასრულებს.
„უბრალოდ, პროცესი წარმოვიდგინოთ - 27 ქვეყნის ლიდერები შეიკრიბნენ და საქართველოს გარშემო მსჯელობენ - ეკუთვნის თუ არა საქართველოს სტატუსი. გაიმარჯვა აზრმა, რომ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს უნდა EU-ში ყოფნა. 27 ქვეყნის ლიდერებმაც იფიქრეს და გადაწყვიტეს რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. ჩვენთვის არ დაუსახავთ გადაულახავი რეფორმები. ეს ის ცხრა პუნქტია, რომელიც ყოველი მიზეზის გარეშე უნდა შესრულდეს და მჯერა, ხელისუფლება ჩაატარებს რეფორმებს. 27 ქვეყნის ლიდერებმა სტატუსი მოგვანიჭეს და ჩვენმა მთავრობამ პატივი უნდა სცეს მათ - პირნათელი უნდა იყვნენ ევროპელი კოლეგების გარეშე“, - განაცხადა თემურ ჭყონიამ.