უსამშობლოების სია უნდა გაკეთდეს, რომლებსაც არ სწამთ არც ღმერთის, არც მშობლის, არც ქვეყნის, არაფრის, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ მმართველი პარტიის მიერ კრიტიკოსების ბაზის შექმნაზე საუბრისას განაცხადა.
"mona.ge-ზე განსხვავებული აზრი ვისაც აქვს, იმის აფიშირება ხდება, ჩვენ ასე არ ვაკეთებთ, ასე რომ, ბოლშევიკური რუსული ფულით დაფინანსებული "ჩახდილების" და ხოშტარიას პროექტში არ აგერიოთ. იმ უსამშობლოების სია უნდა გაკეთდეს, რომლებსაც არ სწამთ არც ღმერთის, არც მშობლის, არც ქვეყნის, არაფრის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, ვინ დგას და ვინ არის ორგანიზატორი ამ ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების. ამაზეა საუბარი. რაც შეეხება იმ ბოლშევიკურ მიდგომას, რაც აქვს mona.ge-ს, mona.ge-ზე განსხვავებული აზრი ვისაც აქვს, იმის აფიშირება ხდება, ჩვენ ასე არ ვაკეთებთ. განსხვავებული აზრი უნდა ჰქონდეს ნებისმიერს. ჩვენ ვამბობთ, რომ ის, ვინც აბულინგებს საზოგადოებას, შეურაცხყოფს, ის ვინც ეკლესიას უტევს, ის ვინც საჯაროდ გამოდის და დამხობისკენ მოუწოდებს, მათი სახელი და გვარები იყოს იდენტიფიცირებული. ასე რომ ბოლშევიკური რუსული ფულით დაფინანსებული "ჩახდილების" და ხოშტარიას პროექტში არ აგერიოთ", - განაცხადა ზარქუამ.
ინფორმაციისთვის, "ქართული ოცნება" გეგმავს, რომ შექმნას მოქალაქეების რეესტრი, რომლებმაც ძალადობა წაახალისეს, ან მოიწონეს, ვინმე დააბულინგეს და ა.შ.