შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მიგრაციულ საკითხებს და უცხოელთა საქართველოში ყოფნის პირობებს შეეხება. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, იცვლება უცხოელი მსჯავრდებულების სასჯელის მართვის პირობები. უფრო ზუსტად კი საქართველო ქვეყნიდან გააძევებს უცხოელ მსგავრდებულებს და მათ ქვეყანაში შემოსვლას აუკრძალავს.
შესაბამისი ინიციატივა შსს-ს მიერ პარლამენტს უახლოეს მომავალში წარედგინება, რის შედეგადაც ცნობილი გახდება მოიაზრებს თუ არა ინიციატივა ყველა უცხოელი მსჯავრდებულის ქვეყნიდან გაძევებას.
"საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს უცხოელი მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლას საქართველოდან გაძევებითა და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირობების დაცვით.
საკანონმდებლო ცვლილებებით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი პრევენციისა და აღკვეთის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს მიენიჭება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელების უფლებამოსილება.
ამასთან, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით მნიშვნელოვანი ცვლილებები ხორციელდება სასამართლო სამართალწარმოების ნაწილში. კერძოდ, მცირდება გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადები, დგინდება საქმის განხილვის შემჭიდროებული ვადები და რიგ შემთხვევებში შესაძლებელი ხდება საქმეების ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა.
წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით, იუსტიციის სამინისტროსთან და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციით მომზადდა, პასუხობს თანამედროვე მიგრაციულ გამოწვევებს და უზრუნველყოფს უცხოელთა საქართველოში ყოფნის რეგულირების უფრო ეფექტიან, გამჭვირვალე და უსაფრთხო სისტემის ჩამოყალიბებას", - ნათქვამია შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
შსს-ს თანახმად, ამავე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა წესდება საქართველოს მოქალაქეობის ან ბინადრობის უფლების მოპოვებისთვის საქართველოს მოქალაქის და უცხოეთის მოქალაქის ფიქციურ ქორწინებაზე. აღნიშნული დანაშაულის მაქსიმალური სანქცია 2 წლამდე პატიმრობა იქნება.




























