მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უცხოელებისთვის განკუთვნილი ონლაინ-კაზინოების საგადასახადო შეღავათი პარლამენტმა 4 დღეში მიიღო

აზარტული თამაშები ონლაინ კაზინო

საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი აზარტული თამაშების შესახებ კანონს, რომელიც მიმდინარე კვირაში დარეგისტრირდა და პარლამენტმა ოთხ სამუშაო დღეში მიიღო. ახალი კანონი განსაზღვრავს სპეციალურ საკანონმდებლო სტატუსს იმ აზარტული თამაშების კომპანიებისთვის, რომლებზეც თამაშის უფლება მხოლოდ უცხოეთის მოქალაქეებს ექნებათ. ამ კომპანიებისთვის გადასახადის განაკვეთი იქნება 5%-ის მოგების გადასახადის (GGR) განაკვეთით, ნაცვლად 20%-ისა, რომლითაც იბეგრებიან ის ონლაინ-კაზინოები, რომლებზეც თამაშის უფლება საქართველოს მოქალაქეებს აქვთ. კანონპროექტის ავტორთა შეფასებით, მსგავსი საშეღავათო გარემოს მიცემით საქართველოში შემოვა არაერთი მსხვილი კომპანია, რომლებიც ამჟამად სხვა ქვეყნებში არიან რეგისტრირებულები, შესაბამისად, გაჩნდებიან კომპანიები, რომელთაც საქართველო ხელსაყრელი გადასახადებით მოიზიდავს, საბიუჯეტო შემოსავლები კი გაიზრდება. თუმცა, კანონპროექტს თან არ ახლავს კონკრეტული რაოდენობრივი შეფასება თუ რამდენად გაზრდის სახელმწიფო ბიუჯეტს.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროექტის მიღებით შემოღებულ იქნება ახალი კატეგორიის ნებართვები:

  • სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების
  • სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების
  • სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების

კანონპროექტის თანახმად, ამით ერთი მხრივ, გაიზრდება საქართველოში ნებართვის მაძიებელთა რიცხვი, ხოლო მეორე მხრივ - საქართველოს მოქალაქეები დაცული იქნებიან დამატებითი მავნე ზეგავლენისგან, რამდენადაც, საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის მფლობელების მიერ სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებში მონაწილეობის მიღების უფლება ექნებათ მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს/მოქალაქეობის არმქონე პირებს.

ავტორები ხაზს უსვამენ ცვლილებებისგან მოსალოდნელ დადებით ეკონომიკურ ეფექტსაც.

"კანონპროექტის მიღებით საქართველოს შესაძლებლობა მიეცემა ჩამოაყალიბოს სათამაშო ბიზნეს-ინდუსტრიის ახალი მიმართულება, რაც საშუალებას მისცემს დაიკავოს კონკურენტუნარიანი, სანდო და ინოვაციაზე ორიენტირებული იურისდიქციის პოზიცია, რაც თავის მხრივ, გამოიწვევს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდას, მაღალკვალიფიციური კადრების (მათ შორის საინფორმაციო ტექნოლოგიების, მარკეტინგის, კიბერუსაფრთხოების) ქვეყანაში შემოსვლას, მომსახურების სფეროს განვითარების დამატებით სტიმულაციას და ნებართვის მაძიებლების მიერ გადახდილი მოსაკრებლების და გადასახადების სახელმწიფო ბიუჯეტში აკუმულირებას",- წერია დოკუმენტში.

კანონპროექტი ბიუჯეტის შემოსავლებზეც აისახება. თითოეული სახის ნებართვისთვის (რომელიც გაიცემა 5 წლის ვადით), ყოველწლიურად სანებართვო მოსაკრებელი წელიწადში 100 000 ლარი იქნება. ასევე, დაწესდება მოგების გადასახადი - მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებას შორის სხვაობის 5% ყოველთვიურად. სანებართვო პირობების ან მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევისთვის წესდება ჯარიმა 20 000 ლარის ოდენობით.

ამასთან, შემოდის დომენების შეზღუდვა და თუ აქამდე მოქმედი წესით 1 ნებართვით შესაძლებელი იყო მაქსიმუმ 2 ინტერნეტდომენის (ვებგვერდის) ოპერირება, ახალი პროექტით ეს ლიმიტი 1 ნებართვაზე 1 ვებგვერდამდე მცირდება. უკვე არსებულ ნებართვებზე კი იმოქმედებს გარდამავალი პერიოდი, მათი ნებართვის მოქმედების დარჩენილი ვადით.

კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, თორნიკე ბერეკაშვილი, ანტონ ობოლაშვილი და მარიამ ლაშხი.

რა თანხას იხდიან აზარტული თამაშების კომპანიები სახელმწიფო ბიუჯეტში არსებული საგადასახადო კანონმდებლობის პირობებში:

საქართველოს აზარტული თამაშების სექტორმა 2025 წელს 1,749,344,519 ლარის გადასახადები შეიტანა ბიუჯეტში, რაც 2024 წელთან შედარებით 361 მილიონი ლარით, ანუ 26%-ით მეტი იყო. 2026 წლის პირველ ხუთ თვეში კი ამ სექტორმა ბიუჯეტში 754 მილიონი ლარი შეიტანა.

როგორც სტატისტიკიდან ხდება ცნობილი, აზარტული თამაშების სექტორის მიერ გადახდილი გადასახადების მოცულობა პირდაპირ დაკავშირებულია მთავრობის მიერ 2024 და 2025 წლებში ამ სექტორისთვის გადასახადების ზრდასთან.

უფრო დეტალურად, 2024 წელს ამ სექტორის მიერ გადახდილი გადასახადები 599 მილიონი ლარით (75%-ით) გაიზარდა და 1.38 მილიარდ ლარს მიაღწია, 2025 წელს კი ზრდა დამატებით 361 მილიონ ლარს შეადგენდა (მატება 26%) და სექტორის მიერ გადახდილმა გადასახადებმა 1.75 მილიარდ ლარს მიაღწია.

აზარტული თამაშების სექტორში ყველაზე დიდი წილი მოდის სექტორის მოგების გადასახადზე, რაც გასულ წელს 833 მილიონ ლარს შეადგენდა.

რა წესით იბეგრება აზარტული თამაშების სექტორი:

მოგების გადასახადი

ამჟამად აზარტული თამაშების კომპანიები და კერძოდ ის ფირმები, რომლებიც ელექტრონული ფორმით აწვდიან მომხმარებლებს აზარტული თამაშების სერვისებს, სხვა სექტორებისგან განსხვავებული მოგების გადასახადის წესით იბეგრებიან. ისინი 2022 წლიდან არა განაწილებული მოგების გადასახადით, არამედ მათი წმინდა აზარტული შემოსავლების (GGR) 20%-ით იბეგრებიან, რაც მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებებს შორის სხვაობის 20%-ს წარმოადგენს.

ონლაინ კაზინოების სექტორი ამ პრინციპით 2022 წლიდან იბეგრება, თავდაპირველად ეს განაკვეთი 10%-ს შეადგენდა, 2024 წლიდან ის 15%-მდე გაიზარდა, ხოლო 2025 წლის პირველი იანვრიდან კი განაკვეთი 20% გახდა.

სწორედ აღნიშნულ ცვლილებას მოჰყვა სექტორიდან გადასახადების მიღების მკვეთრი მატება.

საშემოსავლო გადასახადი

აზარტული თამაშების მოგების გატანისას ფიზიკური პირები ამჟამად 5%-ის საშემოსავლო გადასახადით იბეგრებიან, აღნიშნული განაკვეთი 2024 წლამდე 2%-ს შეადგენდა. 2025 წელს სექტორის საშემოსავლო გადასახადის მოცულობამ 663 მილიონი ლარი შეადგინა.

სალიცენზიო გადასახადები:

აზარტული თამაშების სალიცენზიო მოსაკრებლები მოიცავს სისტემურ ელექტრონული ფორმით თამაშების მოწყობის სალიცენზიო გადასახადებს, სანებართვო გადასახადებს, სამორინეების, სლოტ კლუბების და ტოტალიზატორების მოწყობის სალიცენზიო გადასახადებს, ჯამურად 2025 წელს ამ გადასახადებმა 87 და 146 მილიონი ლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები