საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი კონსტანტინე თოფურია, სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის უცხოელი სტუდენტების მიღების აკრძალვის წინააღმდეგია.
„მე პირადად, არ ვარ მომხრე, სახელმწიფო უნივერსიტეტებს შეეზღუდოთ უცხოელი სტუდენტების მიღება და ვერც იმას ვხვდები, რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს ეს გადაწყვეტილება“, - თქვა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში, სადაც დეტალურად განმარტა, რატომ არის აღნიშნული რეგულაცია არა მხოლოდ განათლების ხარისხის გაუმჯობესების, არამედ მთელი უმაღლესი განათლების სისტემის ფინანსური სტაბილურობისა და საერთაშორისო პოზიციონირების წინააღმდეგ მიმართული.
განათლების ექსპორტი
კონსტანტინე თოფურიას განცხადებით, უცხოელი სტუდენტების მიერ გადახდილი თანხები დღეს საქართველოს უმაღლესი განათლების ხარისხისა და არსებობის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელია.
მისი თქმით, მთლიანი უმაღლესი განათლების დაფინანსება, რომლისთვისაც 2025 წლის ბიუჯეტში, დაახლოებით, 170 მილიონი ლარია განსაზღვრული, 200 მილიონ ლარზე მეტით უცხოელი სტუდენტების მიერ შემოტანილი თანხებით ბალანსდება.
„შეიძლება ვთქვათ, რომ უმაღლესი განათლების ექსპორტი დღეს აფინანსებს ჩვენი განათლების ნახევარზე მეტს და ეს არის მზარდი. ჩვენ შეგვიძლია გაცილებით მეტი უცხოელი სტუდენტი გვყავდეს საქართველოში ანუ გავზარდოთ უმაღლესი საგანმანათლებლო ექსპორტი და ამით საქართველოში განათლება უფრო მეტად დაფინანსდება“, - ამბობს თოფურია.
რექტორი ხაზს უსვამს, რომ უცხოელი სტუდენტების შემოსავლებით ფინანსდება ქართველი სტუდენტების სწავლაც.
„დღეს, უცხოელი სტუდენტები აფინანსებენ ქართველ სტუდენტებსაც. წარმოიდგინეთ, 2004 წელს, როცა გრანტი პირველად დაწესდა, 1500 ლარი იყო და შემდეგ 2250 ლარამდე გაიზარდა. ადრე 2250 ლარი ბევრად დიდი ფული იყო, მაგრამ დღეს არაფერია... მაშინ როგორ ხერხდება, რომ დღეს უნივერსიტეტები ისევ იგივე გრანტის საფასურად ასწავლიან ქართველ სტუდენტებს?! - იმიტომ, რომ ქართველი სტუდენტების საფასურს სინამდვილეში უცხოელი სტუდენტები იხდიან“, - თქვა კონსტანტინე თოფურიამ.
უცხოელი სტუდენტების მნიშვნელობაზე საუბრისას, მან მაგალითად მოიყვანა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ) ბიუჯეტი, სადაც 85 მილიონი ლარის შემოსავლიდან 80 მილიონი ლარი უცხოელ სტუდენტებზე მოდის და ამ თანხით ფინანსდება პროფესორ-მასწავლებლების ხელფასები, ინფრასტრუქტურა, თანამედროვე ლაბორატორიები, კლინიკური პრაქტიკის უზრუნველყოფა და კვლევითი საქმიანობა.
კონსტანტინე თოფურიას მიაჩნია, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის ამ "ზეციური მანანის" აკრძალვა ალოგიკურია, რადგან ამ 80 მილიონი ლარის დანაკლისის შევსება, ამიერიდან შესაძლოა, სახელმწიფო ბიუჯეტს და, შესაბამისად, გადასახადის გადამხდელებს დაეკისროს.
„[სწავლის საფასურს რომ თავი დავანებოთ], უცხოელი ბავშვები ბინებს ქირაობენ, საკვებზე, გართობაზე და ა.შ. ფულს ხარჯავენ, რაც ქვეყნის ეკონომიკას ეხმარება... 80 მილიონი ლარი ხომ შემოჰქონდათ სამედიცინო უნივერსიტეტში უცხოელ სტუდენტებს და რატომ ვამბობთ ამაზე უარს?! რატომ უნდა დაუბალანსოს ახლა ეს სახელმწიფო ბიუჯეტმა და რატომ უნდა იყოს ახლა ჩვენი გადასახადის გადამხდელის გადასახდელი?! - კითხვებს სვამს კერძო უნივერსიტეტის რექტორი.
კონსტანტინე თოფურიამ „წერტილთან“ ინტერვიუში კიდევ ერთი აქცენტი დასვა უცხოელი სტუდენტების აკრძალვასა და ქართველი სტუდენტების რაოდენობის ავტომატურ ზრდასა და ხარისხის გაუმჯობესებას შორის.
მას ეჭვი ეპარება, რომ სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, რომელიც ამჟამად დაახლოებით, 250 ქართველ სტუდენტს იღებს, უცხოელი სტუდენტების აკრძალვის შემდეგ, ათას ქართველ სტუდენტს მიიღებს.
რექტორი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს იმასაც, სჭირდება თუ არა საქართველოს შრომის ბაზარს ყოველწლიურად ამდენი ახალი ექიმი.
„არის კი, მედიცინის სწავლის ამდენი მსურველი და შესაბამისი უნარების ქართველი?!საბოლოო ჯამში, არის კი ამხელა მოთხოვნა საქართველოში ექიმებზე? ყოველწლიურად ამდენი ახალი ექიმი გვჭირდება?! ვიცი, რომ ექთნებზე დიდი მოთხოვნაა, მაგრამ ექიმებზე არის კი ამხელა მოთხოვნა?!“ - კითხვებს სვამს ის.
ხარისხის გაზრდის არგუმენტი და "საგანმანათლებლო ჰაბის" სტატუსის საფრთხე
ხელისუფლების მიერ დასახელებული არგუმენტი, თითქოს უცხოელი სტუდენტების სიმრავლე აუარესებს ხარისხს (მაგალითად, სამედიცინო უნივერსიტეტში), კონსტანტინე თოფურიასთვის დაუჯერებელია.
პირიქით, იგი მიიჩნევს, რომ ეს შეზღუდვა ხელს უშლის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მიზნის - რეგიონალური საგანმანათლებლო ჰაბის ჩამოყალიბებას:
„საქართველოს ჩამოყალიბებას რეგიონალურ საგანმანათლებლო ჰაბად ხელს უწყობს ის, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებს აეკრძალებათ უცხოელი სტუდენტების მიღება თუ ხელს არ უწყობს?! მე მგონია, რომ ხელს არ უწყობს“, - ამბობს ის.
მისი თქმით, Study in Georgia-ს მსგავსი პროგრამები სწორედ რეგიონში ქვეყნის საგანმანათლებლო სახელის დამკვიდრებას უწყობდა ხელს, რის გარეშეც გრძელვადიან პერსპექტივაში სისტემის ხარისხის გაუმჯობესება შეუძლებელია.
რამდენად აქვთ კერძო უნივერსიტეტებს უცხოელი სტუდენტების ნაკადის ათვისების რესურსი?
„საქართველოს უნივერსიტეტის“ რექტორი კატეგორიულად არ ეთანხმება მოსაზრებას, თითქოს სახელმწიფო უნივერსიტეტების აკრძალვა კერძო სექტორს მეტი უცხოელი სტუდენტის მოზიდვის საშუალებას მისცემს. ის ამ სიტუაციას ოკეანეში თევზაობას ადარებს:
"წარმოიდგინეთ, ოკეანეში რომ ვთევზაობდეთ მე და თქვენ და მე რომ ჩემი ანკესი მხარზე შემოვიდო და სახლში წავიდე, თქვენ უფრო მეტ თევზს დაიჭერთ?! არა, რადგან ოკეანეში იმდენი თევზია, რომ მე თქვენი კონკურენტი არა ვარ... სამედიცინო უნივერსიტეტი რომ ვერ წამოიყვანს ინდოეთიდან სტუდენტებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოს უნივერსიტეტი მეტს წამოიყვანს. არა, ინდოეთში იმდენი სტუდენტია, ჩვენ ისედაც შეგვეძლო წამოყვანა. სულ არ გვიშლიდა ხელს სამედიცინო უნივერსიტეტი“, - ამბობს ის.
კონსტანტინე თოფურია განმარტავს, რომ საქართველოს უნივერსიტეტები 7-მილიარდიან მსოფლიო ბაზარზე გადიან და ერთმანეთის კონკურენტები არ არიან.
"პირიქით, ისინი ერთმანეთის ხელშემწყობები არიან, რადგან ინდოეთში თუ სხვა ქვეყნებში ერთდროული რეკლამირებით, ზოგადად, საქართველოს, როგორც საგანმანათლებლო დანიშნულების ადგილის, იმიჯი ძლიერდება", - აღნიშნავს თოფურია.
„საქართველოს უნივერსიტეტის“ რექტორს მიაჩნია, რომ კერძო უნივერსიტეტებისთვის გამოწვევას წარმოადგენს არა მოთხოვნის ნაკლებობა, არამედ - შეზღუდული შესაძლებლობები. რექტორი ასახელებს შემდეგ ფაქტორებს:
პროფესორ-მასწავლებლების ბაზა - პროფესორების რაოდენობა ზღუდავს სტუდენტების მიღების მაქსიმალურ რაოდენობას.
ინფრასტრუქტურა: ლაბორატორიების, აუდიტორიების ფართი და რაოდენობა.
კლინიკური ბაზა: სამედიცინო განათლებისთვის უმნიშვნელოვანეს კლინიკებთან კავშირი და პაციენტების ხელმისაწვდომობა.
მთლიანობაში, კონსტანტინე თოფურია მიიჩნევს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის უცხოელი სტუდენტების მიღების აკრძალვა ნეგატიურად იმოქმედებს უნივერსიტეტების ფინანსურ შემოსავალზე და შეანელებს ქვეყნის ინტეგრაციას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში, რაც საბოლოოდ, ხარისხზე უარყოფითად აისახება.




























