მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უცხოელი სტუდენტებისთვის ვიზების პრობლემა გადაიჭრა, თუმცა საკითხი არ მოგვარებულა მათი მშობლებისთვის - კახა შენგელია

კახა შენგელია

ბოლო ოთხ წელში საქართველოში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა გაორმაგდა. TBC Capital-ის ინფორმაციით, 2024-2025 სასწავლო წელს საქართველოში 37 100 უცხოელი სტუდენტი სწავლობდა, რაც წლიურად 21%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. აქედან 15% სწავლობდა საბაკალავრო, ხოლო 85% სამაგისტრო და სამედიცინო პროფილის უმაღლესი განათლების პროგრამებზე.

როგორც „კავკასიის უნივერსიტეტის“ პრეზიდენტი, კახა შენგელია BMG-სთან აცხადებს, აზიური ბაზრების პარალელურად, მათ უნივერსიტეტში მზარდია ევროპელი სტუდენტების რაოდენობაც და მიღმა სამედიცინო მიმართულებისა, არარეზიდენტი სტუდენტები სხვა პროფილის პროგრამებითაც ინტერესდებიან.

თუმცა მისი თქმით, ქვეყანაში უცხოელი სტუდენტების მზარდი რაოდენობის შესანარჩუნებლად არაერთი ნაბიჯია გადასადგმელი. კახა შენგელიას თქმით, უშუალოდ უცხოელ სტუდენტებთან მიმართებით ვიზების გაცემის საკითხი მეტწილად მოგვარდა, თუმცა ეს საკითხი ხშირად კვლავ პრობლემურია მათი მშობლების შემთხვევაში.

„ჩვენს უნივერსიტეტში უკვე 1500-მდე უცხოელი სტუდენტი სწავლობს, აქედან დაახლოებით 30% ინდოელია, დანარჩენი წილი მოდის ევროპელ სტუდენტებზე და სხვადასხვა ქვეყნებზე, არიან აფრიკელები, აზიელებიც. ჩვენი ამოცანაა, რომ არა მარტო სამედიცინო მიმართულებით გვყავდეს უცხოელი სტუდენტები, არამედ IT, ბიზნესის, ფსიქოლოგიის მიმართულებითაც. უკვე წელს 300 უცხოელი სტუდენტი გვეყოლება, რომლებიც არა სამედიცინო განხრით იქნებიან.

ეს ძალიან მზარდი მიმართულებაა. ოფიციალური მონაცემებით, დაახლოებით 40 ათასი უცხოელი სტუდენტი სწავლობს საქართველოში. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას წელიწადში 400 მილიონი დოლარის დამატებითი შემოსავალი აქვს. თუ კიდევ იქნება ხელშეწყობა, ეს რიცხვი შეიძლება 50-70 ათასამდეც ავიდეს. რატომ უნდა დავკარგოთ ის შემოსავალი, რაც შეიძლება შემდეგ მეზობელ ქვეყნებში გავიდეს? ამას უბრალოდ უფრო მეტი მოქნილობა სჭირდება, მათ შორის ხელისუფლების მხრიდან.

ვიზების პრობლემა კი მოგვარდა [უცხოელი] სტუდენტებისთვის, თუმცა ეს არ მოგვარებულა მათი მშობლებისთვის. ხვალ-ზეგ [გამოსაშვები] ცერემონია გვაქვს და რამდენიმე ათეული სტუდენტის მშობელს ვიზა არ მისცეს და არ შემოუშვეს ქვეყანაში. ეს არ ეხება მარტო ინდოეთს, იგივე ვითარებაა აფრიკა-აზიის მიმართულებითაც. ალბათ მეტი უნდა გვითხრას ამ საკითხზე მთავრობამ, რა შემთხვევაში შეიძლება შემოუშვან ან არ შემოუშვან ეს ხალხი. ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს, რომ უფრო მეტი უცხოელი, მეტი ტურისტი შემოვიდეს ამ ქვეყანაში”, - განაცხადა კახა შენგელიამ.

ცნობისთვის, წელსაც საქართველოს ყველაზე მეტი სტუდენტი (55%) ინდოეთიდან ჰყავდა, შემდეგ მოდის იორდანია (7%), მესამე ადგილზე კი ისრაელია (6%-ით).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები