ღონისძიებების ორგანიზების კომპანია Laka Wedding-ის დამფუძნებელი, ლაკა წერეთელი აღნიშნავს, რომ საქართველოს მიმართ უცხოელი წყვილების ინტერესი ქორწილების დაგეგმვის კუთხით მაღალია. ამის შესახებ მან BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა.
მისი თქმით, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრები ხშირად საქართველოში ირჩევენ ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღის აღნიშვნას.
„ჩვენთან აქტიურად ჩამოდიან წყვილები ისრაელიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ასევე გვყოლია სტუმრები ინგლისიდანაც. რაც შეეხება ქართველების აქტივობას, ამ კუთხით სტაბილური მოთხოვნის ტენდეციაა,“ – ამბობს წერეთელი.
რაც შეეხება ფასებს, მისი თქმით, ბოლო პერიოდში გაიზარდა, თუმცა სწორი ბიუჯეტის გადანაწილების შემთხვევაში, დიდ თანხებზე საუბარი აუცილებელი არ არის: „თუ სწორად მოხდება პრიორიტეტების განსაზღვრა, შეიძლება მცირე ხარჯებითაც ძალიან ლამაზი ქორწილი გამოვიდეს. ფასები დამოკიდებულია წყვილის მოთხოვნებსა და სერვისებზე. მთავარია ვიცოდეთ ბიუჯეტის მოცულობა და ჩვენ ვეცდებით, რომ ამ ბიუჯეტის მიხედვით დავუგეგმოთ ქორწილი“.
წერეთელი ასევე აღნიშნავს, რომ წლების წინ სირთულეს ქმნიდა სივრცეების სიმცირე და მრავალფეროვნების ნაკლებობა, თუმცა დღეს ეს გამოწვევა პრაქტიკულად მოგვარებულია: „ახლა მთავარი ისაა, სწორად განისაზღვროს, რას სთავაზობს ესა თუ ის ლოკაცია და შესაბამისად მოხდეს ქორწილის დაგეგმვა.“
რაც შეეხება ქართველების სურვილს, ქორწილი უცხოეთში გადაიხადონ, Laka Wedding-ის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ დაინტერესება ნამდვილად არსებობს, თუმცა ფასებს შორის არსებითი სხვაობა მათთვის სერიოზულ გამოწვევად რჩება.




























