ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, 1-ელი მარტიდან საქართველოში უცხოელთა დასაქმების შეზღუდვა ფართო სპექტრზე ვრცელდება, რამაც შესაძლოა კონკრეტულ უწყებებში მიმართვიანობა გაზარდოს. ამის შესახებ გიორგი კაჭარავამ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
გაერთიანების ხელმძღვანელი ამბობს, რომ საჯარო უწყებების სისტემა ამ ცვლილებას მომზადებული უნდა შეხვდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში
„უცხოელთა დასაქმების შეზღუდვაზე ოქროს შუალედზე მივიდეთ. ძალიან მნიშვნელოვანია ამ კანონპროექტზე წინასწარი, ფართო კონსულტაციები ყოფილიყო. მე როგორც ვხედავ, ეს ეხება უცხოელთა ძალიან ფართო სპექტრს. ზოგადად, კანონი, რა თქმა უნდა, უნდა არეგულირებდეს მიგრაციის თემებს, რაც ხელშემწყობი უნდა იყოს, რომ არალეგალური მიგრაცია აღმოიფხვრას.
ჩემი ინფორმაციით, ეს ვრცელდება ძალიან ფართო სპექტრზე უცხოელების, მათ შორის, მეწილეებზე, დირექტორთა საბჭოს წევრებზე და ასე შემდეგ. შესაბამისად, პირველ რიგში უნდა ვნახოთ, რამდენად მზად არის სისტემა, რომ გასცეს შესაბამისი ნებართვები ძალიან მოკლე პერიოდში. ვფიქრობ, არის რაღაც მიმართულებები, რაც შეიძლება დამატებით დაიხვეწოს, გამოსწორდეს იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნის დიდი ტალღა შესაბამის სტრუქტურას მიაწყდა, ამ შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტროს, წესით ისინი უნდა თანამშრომლობდნენ შესაბამისად მერე იუსტიციასთან და ასე შემდეგ, და ვერ აუდის ეს სისტემა შესაბამისი ნებართვების გაცემას, რომელზედაც თანხმობაა. მაშინ რას ვშვრებით?“, - სვამს კითხვას გიორგი კაჭარავა.
კითხვაზე რამდენად მზად არის ამ ცვლილებისთვის ბიზნესი და საჯარო სექტორი, EUGBC-ის აღმასრულებელი დირექტორი პასუხობს: „ზუსტად იმიტომ, რომ ეს კონსულტაციები ფართო სპექტრით არ ყოფილა, მე ვერ გეტყვით, რა მზაობა აქვთ შესაბამის სტრუქტურებს ამ მიმართულებით. ამიტომ, ზედაპირულად ამის თქმა ძალიან ძნელია“ და დასძენს, რომ მოდით ფართო სპექტრის კონსულტაციების შემთხვევაში ამ საკითხზე ოქროს შუალედის პოვნა შესაძლებელი იქნებოდა, თუმცა „იმ შემთხვევაში, თუ ეს, ასე ვთქვათ, მყისიერად მოხდება, შეიძლება გამოწვევები იყოს“.
2026 წლის 1-ელი მარტიდან საქართველოში შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები ძალაში შედის, რომლებიც უცხოელებს საქართველოში ანაზღაურებადი საქმიანობისთვის, ახალ, სავალდებულო მოთხოვნებს უწესებს.
ცვლილებების შესაბამისად, ნებისმიერი უცხოელისთვის, რომლის მიზანია ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობა და ანაზღაურებადი შრომითი ან სხვა სახის საქმიანობის (მომსახურება, ვაჭრობა, მეწარმეობა) განხორციელება სავალდებულო ხდება შრომითი საქმიანობის უფლების/ნებართვის მოპოვება.




























