უცხოეთიდან ონლაინ გამოწერები იზრდება - მომხმარებლები ნივთებს ყველაზე მეტად საბერძნეთიდან და თურქეთიდან იწერენ. მომხმარებლების თქმით, იქ ფასდაკლებაც რეალურია და შესაბამისად, ფასთაშორისი სხვაობა სარეალიზაციო ფასებს შორის იმდენად დიდია, რომ უცხოეთიდან გამოწერას დიდი უპირატესობა აქვს. უცხოეთიდან ონლაინ გამოწერების მზარდ ტენდენციაზე საუბრობს „სინომი რითეილის” დირექტორი რეზო მაღალაშვილიც, რომელიც ქართულ ბაზარზე ისეთ ბრენდებს წარმოადგენს როგორებიცაა ზარა, მასიმო დუტი, ბერშკა, ფულ ენდ ბიარი და სხვა. მაღალაშვილი ამბობს, რომ ფასთაშორისი სხვაობა გამოწვეულია იმით, რომ ადგილობრივი ბიზნესი დამატებით გადასახადებს იხდის, რაც პროდუქციას აძვირებს. მისი თქმით, სახელმწიფომ შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგას იმისთვის, რომ ბიზნესები თანაბარ პირობებში ჩააყენოს, რადგან უცხოეთიდან გამოწერების შემთხვევაში საქართველოს ბიუჯეტი მნიშვნელოვან თანხებს კარგავს. უცხოეთიდან ონლაინ გამოწერების ზრდის ფონზე პრობლემები არ შექმნია ICR ჯგუფს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი კახა ხაზარაძე ამბობს, მათ ჯგუფში წარმოდგენილ ფეხსაცმლის ბრენდებთან მიმართებით გამოწვევები არ ფიქსირდება. თუმცა მისი თქმით, უცხოეთიდან ონლაინ გამოწერების ზრდა გრძელვადიან პერსპექტივაში ადგილობრივ ბაზარზე არსებულ წარმომადგენლობებს პრობლემებს შეუქმნის. ხაზარაძე ამბობს, რომ თავად ბრენდებმა უნდა დაიცვან ის ბაზრები, სადაც პროდუქცია აქვთ წარმოდგენილი.