ტექსტილის დარგის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საერთაშორისო ბაზრებიდან დაინტერესება შემცირებულია.
როგორც უნიფორმების მწარმოებელ სამკერვალო "უნისტილის" დირექტორმა, ნატალია ჩხეიძემ “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, ადგილობრივი პროდუქციის წარმოება გაძვირდა, რამაც უცხოელი დამკვეთების დაინტერესებაც შეამცირა.
მისი თქმით, ადგილობრივ წარმოებას ისეთი ფაქტორებიც აძვირებს, როგორიცაა ნედლეულზე გაზრდილი ფასები და მუშა-ხელისთვის გაზრდილი ანაზღაურება.
“თურქეთის ბაზარზე ინფლაცია ქსოვილზე არასტაბილურ ფასებს გვაძლევს, ძველ ფასად ვეღარ ვყიდულობთ ნედლეულს და ესეც აძვირებს პროდუქციას. ასევე, სამკერვალო სექტორმა მოვახერხეთ, რომ დარგში ხელფასები გავზარდეთ, შესაბამისად, პროდუქცია ამანაც გააძვირა. ამიტომ საერთაშორისო ბაზრებიდან შეკვეთებზე მოთხოვნა განახევრებულია. როდესაც ადამიანს შესაკერად ჩამოაქვს [ქსოვილი], ჩვენ მარჟაში ვეღარ ვეტევით, არამხოლოდ ჩვენი კომპანია, არამედ სხვა სამკერვალოებიც. ამიტომაც შემცირებულია უცხოური შეკვეთები”, - განაცხადა ნატალია ჩხეიძემ.
ცნობისთვის, საქართველოდან ტექსტილის ექსპორტი მცირდება. საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-მარტში ქვეყნიდან 38 მილიონი დოლარის ღირებულების მანქანით ან ხელით ნაქსოვი ტრიკოტაჟის და სხვა სახის ტანსაცმელი და ტანსაცმლის საკუთნოები გავიდა.