უცხოურ ბანკებთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კომპანია „კალა კაპიტალ თბილისის“ დამფუძნებელმა ჟურნალისტების კითხვას იმის შესახებ, მის მიერ კომპანიის დაფუძნება ხომ არ უკავშირდება სანქციებიდან თავის არიდებას.
კახა კალაძე აცხადებს, რომ ევროპულ ბანკებში თანხები არ აქვს, თუმცა კრიპტოვალუტა აქვს.
„ევროპულ ბანკებში თანხები არ მაქვს. ეს დადასტურებული ინფორმაციაა. დეკლარაციაშიც არის ასახული. თანხები, რაც ევროპულ ბანკებში მქონდა კონკრეტულ კომპანიაზე გავასესხე, შემდეგ თანხები დამიბრუნდა, შევიძინე კრიპტოვალუტა და უცხოურ ბანკებთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს, რასაც თავისი ახსნა აქვს“, - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, ევროპარლამენტმა 13 თებერვალს მიღებული რეზოლუციით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საქართველოში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, მაღალჩინოსნების, ბიზნესის, სახელმწიფო სტრუქტურების გარემოცვისა და პროპაგანდისტების აქტივების გაყინვისა და პერსონალური სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა. მათ შორის არის „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძეც.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით, 2025 წლის 16 აპრილის მდგომარეობით კახა კალაძეს სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვა ლიეტუვასა და ესტონეთში აქვს, ეკონომიკური და ფინანსური სანქციები კი უკრაინამ დაუწესა.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კი დამატებითი სავიზო შეზღუდვები 100 პირზე დააწესა, მათ შორის არიან „ქართული ოცნების“ წევრები, პარლამენტის წევრები, ცენტრალური და მუნიციპალური ხელისუფლების მაღალჩინოსნები და სხვა პირები. თუმცა არის თუ არა მათ შორის კალაძე, უცნობია.




























