იმ პირობებში, როცა “ქართული ოცნების” მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით ქვეყანაში უცხოელების დასაქმება რთულდება, კერძო სექტორში ისმის კითხვა, მზად არის თუ არა ქვეყანა თავად შეავსოს ის საკადრო დეფიციტი, რაც აქამდეც არსებობდა და რაც შესაძლოა უცხოელების დასაქმების შეზღუდვით გაღრმავდეს.
კომპანია “ინსორსის” მმართველი პარტნიორი ამბობს, რომ არ არსებობს ინდუსტრია ქვეყანაში, სადაც უცხოელები არ არიან დასაქმებული, განსაკუთრებით ასეთია ტექნოლოგიური სფერო, ჯანდაცვა, ტურიზმი და სამშენებლო ბიზნესი.
“იქ, სადაც მაგალითად ვამბობთ, რომ უნდა დარეგულირდეს სხვადასხვა ქვეყნებიდან მომსახურე პერსონალი, უნდა გვქონდეს კითხვაზე პასუხი: ყოფნის თუ არა მოთხოვნას ადგილობრივი სამუშაო ძალა.
ასევე, ინტელექტუალური სამუშაოებისთვის ისედაც დეფიციტი არსებობდა და როგორ მოვახერხებთ მაღალკონკურენტულ გარემოში იმ საჭირო ცოდნის შემოყვანას და გავრცელებას და განვითარებას, რაც ბიზნესს სჭირდება.
ყველა საუბრობს ხელოვნური ინტელექტის განვითარება/ათვისებაზე, ძალიან დეფიციტური ცოდნა გვაქვს. ცოტაა ისეთი ადამიანი, ვინც ეს ტექნოლოგია იცის, ქმნის ან მეგა მონაცემებზე მუშაობს. აქ სამუშაოა მაგალითად, როგორ და საიდან უნდა მოხდეს ცოდნის შემოყვანაც და გაზიარებაც”,- აცხადებს მედეა ტაბატაძე.
“ქართულმა ოცნებამ” უცხოელებისთვის საქართველოში ცხოვრების, ბინადრობისა და მუშაობის უფლების მოპოვებისთვის პირობები გაამკაცრა. უკვე ძალაშია „შრომითი მიგრაციის კანონში” დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილებები, რომლის მიხედვითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა დასაქმებისთვის სპეციალური ნებართვა უნდა მიიღონ. მთავრობა კი თავად განუსაზღვრავს ბიზნესს შეეძლება თუ არა უცხოელის დასაქმება.
უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის ეგიდით, "ოცნება" უცხოელების დასაქმებას ამკაცრებს იმ პირობებში, როცა ქვეყანაში სამუშაო ძალის დეფიციტია და არის პროფესიები, სადაც ძირითადად სწორედ უცხოელები არიან დასაქმებულები. ბიზნესი ამბობს, რომ მაგალითად, სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში ასეთი არაერთი პოზიციაა, სადაც ბაზარზე კადრები სიმცირის ან დაბალი კვალიფიკაციის გამო ბიზნესი იძულებულია სამუშაო ძალა უცხოეთიდან ჩამოიყვანოს.
სასტუმროების მმართველი კომპანიის ხელმძღვანელი მაია წერეთელი შრომითი მიგრაციის რეგულირებას ემხრობა, თუმცა თვლის, რომ მსგავსი ცვლილებები კერძო სექტორთან კოორდინაციით უნდა გატარდეს.
“ტურიზმის მიმართულებით გვაქვს გარკვეული პოზიციები, სადაც უცხოელების ჩართულობა ჩვენთვის გარდაუვალია. კერძოდ ტექნიკურ პოზიციებზე, მაგალითად ნომრების მართვის სისტემა მოიცავს ისეთი ტიპის ტექნოლოგიებს და ისეთი ტიპის დანადგარებს, რომლებთანაც სამწუხაროდ, ადგილობრივ ბაზარზე მომზადებული კადრები ერთი, რომ რაოდენობრივად არ გვყოფნის და მეორე, მათი მომზადების დონე არ არის საკმარისი იმისთვის, რომ გაუძღვენ ასეთი ტიპის ტექნოლოგიებს.
ცხადია, საუბარია ისეთ ძვირად ღირებულ დანადგარებზე, რომლებთან პატარა შეცდომის დაშვებამაც კი შეიძლება 0,5-1 მილიონამდე ზარალზე გაიყვანოს ესა თუ ის ინვესტორი. ამიტომ, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ თუ ვამბობთ, რომ ადგილობრივ ბაზარზე არ გვინდა გარკვეული ტიპის პროფესიებზე უცხოელი კადრების მოზიდვა, მაშინ განათლების სფერო უნდა გვთავაზობდეს ისეთ მზა კადრებს, რომლებიც მათ ჩანაცვლებას შეძლებენ”,-აცხადებს KMS Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი მაია წერეთელი.
“შრომითი მიგრაციის” შესახებ კანონის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მხოლოდ 2022-2023 წლებში საქართველოში 239 334 უცხო ქვეყნის მოქალაქე შემოვიდა. მაღალი ალბათობით, ქვეყანაში დარჩენილი უცხო ქვეყნის მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი ეკონომიკური მიგრანტია, თუმცა შრომის ბაზარზე ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში არსებული სტატისტიკის მიხედვით მხოლოდ 42 000 შრომითი იმიგრანტია რეგისტრირებული.




























