მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უვიზო მიმოსვლა საქართველოსთან მიმართებით ხშირად გამოიყენება შანტაჟის ინსტრუმენტად - ბოჭორიშვილი

საგარეო საქმეთა სამინისტრო

"ქართული ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ისრაელში ვიზიტისას მედიის კითხვებს უპასუხა და ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესაძლო გადაწყვეტილებაზე გააკეთა კომენტარი.

ბოჭორიშვილის თქმით, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იქნება ბრიუსელისთვის, რადგან ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის უვიზო მიმოსვლა საქართველოსთან მიმართებით ხშირად გამოიყენება შანტაჟის ინსტრუმენტად.

„ძალიან რთული გადაწყვეტილებაა ბრიუსელისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის უვიზო მიმოსვლა საქართველოსთან მიმართებით ხშირად გამოიყენება შანტაჟის ინსტრუმენტად. რამდენად გამოიყენებს ბრიუსელი ამას საქართველოს მოქალაქეების დასჯის ინსტრუმენტად, ეს რა თქმა უნდა, ბრიუსელის საქმეა. იმედი მაქვს, რომ ის განხილვები, რაც მიმდინარეობს ბრიუსელში, არ იქნება გამოყენებული საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ დაუმსახურებლად". - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

დღეს, 17 ნოემბერს, ევროკავშირის საბჭომ მხარი დაუჭირა ბლოკის იმ მექანიზმის განახლებას, რომელიც შენგენის ზონაში მოგზაურობისთვის მესამე ქვეყნების ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას გაამარტივებს.

ცვლილების ძალაში შესვლის შემდეგ, ევროკავშირს საშუალება ექნება, უფრო მარტივად შეუჩეროს უვიზო მიმოსვლის სტატუსი ქვეყანას, თუ ის ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან თანხვედრაში არ მოდის. ამასთან, ვიზალიბერალიზაცია გაუქმდება, თუ მესამე ქვეყანასთან ევროკავშირის ურთიერთობა გაუარესდება, მაგალითად, ადამიანების უფლებების დარღვევის გამო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები