უნივერსიტეტების ნაწილში აცხადებენ, რომ თუკი საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა შეუჩერდება, ეს უმაღლესი განათლების სისტემაზე ნეგატიურად აისახება.
როგორც „საქმის კურსის“ ეთერში „საქართველოს უნივერსიტეტის“ რექტორმა, კოკა თოფურიამ განაცხადა, უვიზო რეჟიმის შეჩერება დაბრკოლებას შეუქმნის მოკლევადიან სასწავლო პროგრამებს, რაც საქართველოში ევროპელი სტუდენტების მოზიდვის თვალსაზრისითაც ნეგატიური იქნება.
„[უვიზო რეჟიმის გაუქმება] ძალიან სამწუხარო იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სტუდენტი, ძალიან ბევრი ახალგაზრდა ქართველი მიდის დღეს სხვადასხვა გაცვლითი პროგრამებით დასავლურ ქვეყნებში. წარმოიდგინეთ, რამდენად გართულდება ჩვენი სტუდენტების წასვლა ევროპის ქვეყნებში, თუ ჩვენ სავიზო მიმოსვლა გვექნება. იმიტომ რომ ეს ყველაფერი უკვე დამატებით დაბრკოლებებთან იქნება დაკავშირებული. ასევე ეს არის პირდაპირ კავშირში იმასთან, თუ რამდენად მოახერხებენ ევროპელი სტუდენტები საქართველოში ჩამოსვლას. უმეტეს შემთხვევაში, გაცვლითი პროგრამები სწორედ იმას ნიშნავს, რომ რაღაც რაოდენობა ქართველი სტუდენტები მიდიან ევროპაში, შესაბამისად, რაღაც ოდენობა ევროპელი სტუდენტები აქ ჩამოდიან. თუ ჩვენ არ გვექნება საშუალება, რომ ქართველი სტუდენტები გავაგზავნოთ ევროპაში, შესაბამისად ვეღარ ვამუშავებთ იმ პროგრამებს, რომლებიც ორიენტირებული იყო ევროპული ქვეყნების სტუდენტების საქართველოში ჩამოსვლაზე.
ტექნიკურ პრობლემებსაც რომ თავი დავანებოთ, თავისთავად, როდესაც ქვეყანა უკუსვლას განიცდის, უკუსვლაა დემოკრატიული თვალსაზრისით, მას უჩერდება უვიზო მიმოსვლა, მას უჩერდება მთელი რიგი მიმართულებები, ეს რა თქმა უნდა, ევროპელ სტუდენტებში, საქართველოში ჩამოსვლის სურვილს შეამცირებს“, - განაცხადა კოკა თოფურიამ.




























