მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უზბეკები მზად არიან განახორციელონ ინვესტიციები - ელჩი უზბეკეთის პრემიერის ვიზიტს აფასებს

64b53e0d58e86
BM.GE
17.07.23 17:18
578
ბოლო 20-25 წლის განმავლობაში უზბეკეთის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოში ასეთი მაღალი დონის ვიზიტი არ განხორციელებულა, უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შარშან იმყოფებოდა და დღეს საპასუხო ვიზიტი შედგა, - ამის შესახებ უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ აბდუშელიშვილმა განაცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია საქართველოსთან მიმართებაში „შუა დერეფანმა“, უზბეკები მზად არიან განახორციელონ საინვესტიციო პაკეტები, რაც ქვეყნებს შორის ურთიერთობებს საკმაოდ მაღალ დონეზე წევს.

„მიმდინარე წლებში, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ძალიან განვითარდა უზბეკეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობა. დღეს ვიზიტით საქართველოში იმყოფება უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი აბდულა არიპოვი დიდი ეკონომიკური ჯგუფის შემადგენლობით. ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია ამ ბოლო დროს საქართველოსთან მიმართებაში „შუა დერეფნის“ აქტუალურობამ. მზად არიან განახორციელონ საინვესტიციო პაკეტები, ეს იქნება ტექსტილის წარმოება, სატრანსპორტო-ლოგისტიკური ჰაბების შექმნა, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს საკმაოდ მაღალ დონეზე წევს და ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც, ამ ორ ქვეყანას შორის, უზბეკეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული და საერთოდ, მეგობრული ურთიერთობები გამოიწვევს ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკურ ზრდას. ტურიზმის სფეროში ძალიან დიდი დინებებია, უზბეკეთის მხრიდან.

მისასალმებელია, რადგან ბოლო 20-25 წლის განმავლობაში და მეტიც, შეიძლება ითქვას, ესეთი მაღალი დონის ვიზიტი საქართველოში არ განხორციელებულა. ეს გახლავთ საპასუხო ვიზიტი. შარშან, როგორც იცით, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი გახლდათ უზბეკეთის რესპუბლიკაში. იქვე გაიმართა წინასწარი შეთანხმებები ეკონომიკური ბლოკის მიმართებაში, პოლიტიკური ბლოკის მიმართებაში და დღესდღეისობით, ბატონი არიპოვი საქართველოში იმყოფება საპასუხო ვიზიტით. ვიმედოვნებ, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა საკმაოდ დიდ ძვრას გამოიწვევს როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ ვითარებაში“, - განაცხადა ზურა აბდუშელიშვილმა.

შეგახსენებთ, საქსტატის მონაცემების მიხედვით, უზბეკეთიდან ინვესტიციების შემოდინება უმნიშვნელო მოცულობებით 2009 წლიდან დაიწყო და წლების განმავლობაში მცირე იყო. ამ ქვეყნიდან საქართველოს ეკონომიკაში ჩადებული ფინანსური სახსრების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 3 მლნ დოლარს არ აღემატებოდა. მაგალითისთვის გასულ - 2022 წელს ქვეყნის ეკონომიკაში ჩადებული უზბეკური ინვესტიციების მოცულობამ 2.7 მლნ დოლარი შეადგინა. სამწუხაროდ, იმის დაკვირვების საშუალებას თუ რომელ დარგებში ჩაიდო ეს თანხა ოფიციალური სტატისტიკა არ გვაძლევს.