საქართველოს პირველ კვარტალში ჩირის იმპორტი გაუძვირდა. ამის შესახებ საქსტატის მონაცემებიდან ირკვევა.
სტატისტიკის მიხედვით, 2026 წლის იანვარ-მარტში ქვეყანაში ჩირის იმპორტმა $793 ათასი შეადგინა, საერთო მოცულობამ კი 252 ტონა. შედარებისთვის, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტი $721 ათასს და 315 ტონას შეადგენდა. შესაბამისად, ღირებულებითი მაჩვენებელი 9.9%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტის მოცულობა 20%-ით შემცირდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, თუ გასული წლის პირველ კვარტალში 1 კგ ჩირის იმპორტი საშუალოდ 2.28 დოლარი ჯდებოდა, წელს იანვარ-მარტში ფასი 3.14 დოლარამდე გაიზარდა.
ქვეყნების მიხედვით, ჩირის მთავარი მომწოდებელი უზბეკეთია - $321 ათასი (151 ტონა). შემდეგ მოდის ირანი $196 ათასით (54 ტონა) და ტაჯიკეთი $100 ათასით (20 ტონა). ჩირის მნიშვნელოვანი მოცულობები ასევე შემოვიდა თურქეთიდან ($74 ათასი, 6 ტონა), გერმანიიდან ($38 ათასი, 2.7 ტონა) და ჩინეთიდან ($19 ათასი, 2.3 ტონა). მცირე მოცულობებით იმპორტი განხორციელდა აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ავსტრიიდან და ბულგარეთიდან.
რაც შეეხება ექსპორტს, საქართველოს ადგილობირივი წარმოების ჩირის გაყიდვები საგარეო ბაზრებზე 2026 წლის პირველ კვარტალში მკვეთრად შემცირდა. იანვარ-მარტში ექსპორტმა $128 ათასი შეადგინა (29 ტონა), მაშინ როცა 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში მაჩვენებელი $666 ათასის 148 ტონა ჩირი იყო. შესაბამისად, ექსპორტი ღირებულებით დაახლოებით 80%-ით, ხოლო მოცულობით 80.4%-ით შემცირდა.
ქვეყნების მიხედვით, ქართული ჩირი ძირითადად გერმანიაში $73 ათასად (23 ტონა) გაიყიდა. შემდეგ მოდის ლატვია $34 ათასით (1.5 ტონა) და ლიეტუვა $13 ათასით (2.4 ტონა). მცირე მოცულობებით ექსპორტი განხორციელდა რუსეთში ($3 ათასი, 2.2 ტონა) და კანადაში ($1 ათასი, 500 კილოგრამი).




























