უზბეკეთში მსხვილფეხა საქონლის ექსპორტისთვის ვეტერინარული პირობები განისაზღვრა. შესაბამისი ბრძანება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 22 ოქტომბერს გამოსცა.
კერძოდ, „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ბრძანებას დაემატა ახალი პუნქტები და განისაზღვრა ცალ-ცალკე: ვეტერინარული სერტიფიკატი საქართველოდან უზბეკეთის რესპუბლიკაში საკლავი მსხვილფეხა საქონლის, ცხვრისა და თხის ექსპორტისათვის; და ვეტერინარული სერტიფიკატი საქართველოდან უზბეკეთის რესპუბლიკაში სანაშენე და სამომხმარებლო მსხვილფეხა საქონლის ექსპორტისათვის.
ვეტერინარული სერტიფიკატის თანახმად, უზბეკეთში საექსპორტო მსხვილფეხა პირუტყვი უნდა იყოს თავისუფალი ცხოველთა გადამდები დაავადებებისგან, მათ შორის ჯილეხისგან, ბრუცელოზისგან თურქულისგან და ა.შ. ასევე ცხოველები ექსპორტამდე უნდა იყვნენ კარანტინში 21 დღის განმავლობაში, რა დროსაც ცხოველებს უტარდებოდათ ყოველდღიური კლინიკური შემოწმება თერმომეტრით, ასევე დიაგნოსტიკური გამოკვლევები დაავადებებზე.
ცნობისთვის, წელს, საქართველოდან 9 თვეში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტი თანხაში 54.5%-ით გაიზარდა, მოცულობაში კი 34.3%-ით. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტზე 58.05 მლნ აშშ დოლარის 17 493 ტონა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი გავიდა, რაც ბოლო 15 წლის რეკორდული რაოდენობაა.
რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს წელს, საქართველომ საქონელი მხოლოდ 2 ქვეყანაში გაყიდა: ერაყში - 36.8 მლნ აშშ დოლარის 11 283 ტონა და აზერბაიჯანში - 21.2 მლნ აშშ დოლარის 6 210 ტონა. უზბეკეთში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტი ამ დრომდე არ დაფიქსირებულა. საექსპორტო ვეტერინარული პირობების განსაზღვრა, სავარაუდოდ, ამ ბაზარზე ქართული პირუტყვის იმპორტის მიმართ ინტერესის გაჩენას უკავშირდება.




























