Uzbekistan Airways-მა ტაშკენტი-ბათუმის მიმართულებით ფრენა დაიწყო.
უზბეკური ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს ტაშკენტსა და ბათუმს შორის, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და შაბათს შეასრულებს.
აღსანიშნავია, რომ Uzbekistan Airways-ი ასევე ოპერირებს ტაშკენტი-თბილისის მიმართულებაზე. ავიაკომპანია საქართველოსა და უზბეკეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირ ავიარეისებს კვირაში 3 სიხშირით ასრულებს.
“ტავ ჯორჯიას” შესახებ
“ტავ ჯორჯია” ADP ჯგუფის წევრი TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა. მისი საქმიანობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება. საქართველოში განხორციელებული 220 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, 2007 წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. 2016-2017 წლებში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დასრულდა არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და აშენდა მოფრენის ახალი ტერმინალი. TAV Airports Holding-ის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ოპერირებაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის შედეგად, „ტავ ჯორჯია“ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე სანდო, სტაბილურ და დინამიურ კომპანიას წარმოადგენს. დღეისათვის „ტავ ჯორჯიაში“ დასაქმებულია 1300 თანამშრომელი.