მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვაჭრობა, FDI, ფულადი გზავნილები - როგორია ეკონომიკური კავშირი ისრაელთან?

ისრაელი

2025 წლის 17-18 ნოემბერს, "ოცნების" მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში, მაკა ბოჭორიშვილი ისრაელის სახელმწიფოში პირველ ოფიციალურ ვიზიტს მართავს. უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები, რომელთა მიზანი ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ, უსაფრთხოების, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ თანამშრომლობის გაღრმავებაა.

ოფიციალური უწყების ინფორმაციით, მაკა ბოჭორიშვილი მოლაპარაკებებს გამართავს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრთან გიდეონ საართან. შეხვედრაზე განიხილება რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები, ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების შესაძლებლობები და მიმდინარე გლობალურ პროცესებში საქართველოსა და ისრაელის თანამშრომლობა.

ბოჭორიშვილი ასევე შეხვედრებს გამართავს ქნესეთის სპიკერთან, ამირ ოხანასთან; ეროვნული უსაფრთხოების მინისტრთან, იტამარ ბენ-გვირისთან; და სოფლის მეურნეობისა და სასურსათო უსაფრთხოების მინისტრთან, ავი დიხტერთან. მხარეები შეთანხმდებიან სოფლის მეურნეობის მიმართულებით ერთობლივი პროექტების გაძლიერებაზე, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გადაცემის საკითხებზე და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე.

ვიზიტის პროგრამის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი ეწვევა იერუსალიმის მართლმადიდებლურ საპატრიარქოს და შეხვდება იერუსალიმის პატრიარქს, მის უწმინდესობას თეოფილე III-ს. შეხვედრაზე განიხილება საპატრიარქოსთან გამართული თანამშრომლობა და იერუსალიმში არსებული ქართული სიწმინდეების საკითხები.

ოფიციალური ვიზიტი მოიცავს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალ "იად ვაშემში" გვირგვინის დადებასაც, სადაც მინისტრი პატივს მიაგებს ჰოლოკოსტის დროს დაღუპულთა ხსოვნას.

როგორია საქართველო-ისრაელის ეკონომიკური ურთიერთობები?

ვაჭრობა

მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოსა და ისრაელს შორის სავაჭრო ბრუნვა 30.3%-ით 53.4 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

წელს ექსპორტმა 36.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იმპორტმა კი 17.7 მლნ აშშ დოლარი.

საექსპორტო პროდუქტებში ძირითადი მინერალური და ქიმიური სასუქები, თხილი და გადამცემი აპარატურა იყო. ძირითადი იმპორტირებული სასაქონლო ჯგუფები კი, სარეცხი და საწმენდი საშუალებები, ნავთობი და ნავთობპროდუქტები და მაკიაჟისა და თავის მოვლის საშუალებები იყო.

FDI

2024 წელს ისრაელიდან საქართველოში 52.3 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც 2023 წლის მაჩვენებელზე 53%-ით მეტია.

რაც შეეხება მიმდინარე წელს, გამოქვეყნებულია მხოლოდ ორი კვარტლის მონაცემები, რომლის მიხედვითაც ისრაელმა საქართველოში 26.9 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩადო. მაშინ, როცა ისრაელიდან ინვესტიციების კუთხით რეკორდულ 2024 წლის ორ კვარტალში სულ 21 მილიონის ინვესტიცია ჩაიდო.

ტურიზმი

მიმდინარე წლის III კვარტალის მონაცემებით, საქართველოში ისრაელიდან 220 168 ადამიანი შემოვიდა, რაც 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 56 961 ადამიანით, 34.9%-ით მეტია. ეს ერთ-ერთი ქვეყანაა, საიდანაც წელს ვიზიტების რაოდენობა ყველაზე მეტად გაიზარდა.

როგორც გასულ სრულ წელში, ისევე მიმდინარე წელს ისრაელი საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების TOP-5-ში მეოთხე ადგილზეა. 2024 წელს საქართველოს ისრაელის 310 982 მოქალაქე სტუმრობდა. წლიური ზრდა კი 43.3% იყო.

ფულადი გზავნილები

მიმდინარე წლის 9 თვეში ისრაელიდან საქართველოში გასულ წელზე 1.3 %-ით ნაკლები 179.8 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა. გასული წლის 9 თვეში კი 182.2 მილიონი აშშ დოლარი.

FDI, ფულადი გზავნილები, ვაჭრობა 2024

ისრაელთან ურთიერთობების გაღრმავებისთვის მემორანდუმი მომზადდება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები