მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შარშან EU-ში თავშესაფარი საქართველოს 26 ათასამდე მოქალაქემ ითხოვა

641d9127985e4
მარიამ ვარადაშვილი
24.03.23 16:15
956
Eurostat-ის ინფორმაციით, 2022 წელს ევროკავშირში [პირველადი განაცხადით] საქართველოს 25 935-მა მოქალაქემ ითხოვა თავშესაფარი.

საქართველოს ყველაზე მეტმა მოქალაქემ თავშესაფარი საფრანგეთში ითხოვა 8 905 განაცხადით, მეორე ადგილზეა გერმანია 7 965 განაცხადით, ხოლო მესამე ადგილს იტალია იკავებს - 3 240 პირველადი განაცხადით. მეოთხე და მეხუთე ადგილს ირლანდია და ბელგია იკავებენ 2705 და 840 განაცხადით.

ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნის სტატისტიკით საქართველო მსოფლიოს ათეულშია და უსწრებს მეზობელი ქვეყნებიდან სომხეთს, აზერბაიჯანს და რუსეთს. 2022 წელს ევროკავშირში თავშესაფარზე პირველადი განაცხადები წლიურად 64%-ით გაიზარდა და 881 200 შეადგინა. 2021 წელს ევროკავშირს თავშესაფრის მოთხოვნით 537 400-მა ადამიანმა მიმართა.

ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA) მონაცემებით, 2022 წელს თავშესაფარზე ჯამში 966 000 განაცხადი [იგულისხმება როგორც პირველადი, ასევე განმეორებადი განაცხადები] შევიდა. წლიური ზრდა დაახლოებით 50%-ს შეადგენს და 2016 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, როცა ე.წ მიგრანტების კრიზისის გამო თავშესაფარი დაახლოებით 1.2 მლნ ადამიანმა მოითხოვა.

რაც შეეხება საქართველოს, ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს მონაცემებით, გასულ წელს საქართველოდან 28 797 განაცხადი შევიდა [იგულისხმება როგორც განმეორებითი, ისე პირველადი], მაშინ როცა 2021 წელს ეს მაჩვენებელი 14 970 იყო, რაც დაახლოებით 90%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები