მოლდოვას დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე დედაქალაქ კიშინიოვში ევროპელი ლიდერები ჩავიდნენ. ქვეყნის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ რეზიდენციაში საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონს, გერმანიის კანცლერ, ფრიდრიხ მერცსა და და პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს უმასპინძლა. ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების ლიდერებმა მოლდაველ ხალხს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს და სიტყვით გამოსვლისას მოსახლეობას მოლდავურ ენაზეც კი მიმართეს.
გერმანიის კანცლერმა დადო პირობა, რომ ქვეყანას დემოკრატიული განვითარების გზაზე ექსპერტულ ცოდნას გაუზიარებს და რეფორმების გატარებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის აუცილებელ ფინანსურ დახმარებასაც გაუწევს. მსგავსი დაპირება გასცეს პოლონეთისა და საფრანგეთის ლიდერებმაც და აღნიშნეს, რომ ევროკავშირის უსაფრთხოება მოლდოვას გაწევრიანებასთან პირდაპირაა დაკავშირებული.
დამოუკიდებლობის დღისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების მმართველების ჩასვლას სანდუს ხელისუფლებისთვის ახლა განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. როგორც ცნობილია, 28 სექტემბერს მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. თუ მოქმედი პარტია უმრავლესობას შეინარჩუნებს, ეს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის დაწყებულ პროცესს, ფაქტობრივად, შეუქცევადს გახდის.
შეგახსენებთ, ევროკავშირს გაფართოებით მომდევნო ფანჯრის გახსნა 2030 წლისთვის აქვს დაგეგმილი, 2029 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კი ქვეყნის მოწყობა უკვე იმდენად იქნება დაახლოებული ევროპულ მოთხოვნებთან, რომ პროცესის შეჩერება, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნება.




























