მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაჭრობა, FDI, ტურიზმი... - საქართველო - მოლდოვის ეკონომიკური კავშირები მცირეა

მოლდოვა

მოლდოვაში 3 ნოემბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში პროდასავლელმა კანდიდატმა მაია სანდუმ გაიმარჯვა. გადამწყვეტი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სანდუმ ხმების 55%-ით პრორუსულად განწყობილი, მოლდოვის ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრ სტოიანოგლო დაამარცხა.

უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესი დაიწყო, თუმცა საქართველოსგან განსხვავებით, მოლდოვას წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი 2022 წლის ივნისში, ევროკავშირის ლიდერთა სამიტზე მიანიჭეს. 2023 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ ევროკავშირში გაწევრების საკითხზე მოლდოვასთან მოლაპარაკების დაწყებას მხარი დაუჭირა. ევროკავშირში მოლდოვის გაწევრიანების მოლაპარაკებები კი ოფიციალურად მიმდინარე წლის 25 ივნისს გაიხსნა

როგორია საქართველოს ეკონომიკური კავშირები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანასთან, რომლის მოსახლეობა 2024 წლის დასაწყისისთვის 2.4 მლნ იყო, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მოცულობა $17 902.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ქვეყნების ეკონომიკური კავშირები არც ისე დიდია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოლდაველი ინვესტორები საქართველოში ინვესტირებით თითქმის არ ინტერესდებიან, ვაჭრობის დინამიკა კი გასული 10 წლის განმავლობაში არაერთგვაროვანი და მცირე იყო. რაც შეეხება ტურიზმს, აღმოსავლეთ ევროპის კონტინენტის ამ მიმართულებიდან საქართველოში მოგზაურობით მეტ-ნაკლებად ინტერესდებიან, თუმცა დინამიკა დადებითია.

ინვესტიციები

საქართველოს ეკონომიკაში მოლდავური პირდაპირი ინვესტიციები იმდენად უმნიშვნელოა, რომ მათი მოცულობა რეკორდულ რიცხვს 2023 წელს მიაღწია და სულ რაღაც 0.5 მლნ დოლარი იყო. 2024 წლის პირველ ნახევარში კი 80 ათას დოლარს მიაღწია.

ვაჭრობა

საქართველო - მოლდოვის სავაჭრო ბრუნვა, როგორც აღვნიშნეთ, 10 წლის განმავლობაში მცირე და არაერთგვაროვანი იყო. ქვეყნებს შორის ექსპორტ-იმპორტმა რეკორდულ მაჩვენებელს $34.1 მილიონს 2021 წელს მიაღწია, მას შემდეგ ბრუნვა მცირდება. ბოლო 5 წლის სტატისტიკა ასე გამოიყურება:

2019 წელი - $20.3 მლნ;

2020 წელი - $25.8 მლნ;

2021 წელი - $34.1 მლნ;

2022 წელი - $22.1 მლნ;

2023 წელი - $17.4 მლნ;

რაც შეეხება მიმდინარე წლის სტატისტიკას, ამ დროისთვის საქსტატს მხოლოდ 9 თვის მონაცემები აქვთ გამოქვეყნებული, რომლის მიხედვითაც 2024 წლის იანვარ-სექტემბერში მოლდოვასთან სავაჭრო ბრუნვა გასული წლის 9 თვის მაჩვენებელს 64.1%-ით 22.3 მლნ დოლარამდე გაიზარდა.

ბრუნვის ზრდა დიდ წილად მოლდოვიდან პროდუქტის იმპორტის მატებით არის განპირობებული. 9 თვეში საქართველოდან მოლდავეთში საქონლის შესაძენად 13.9 მლნ დოლარი გავიდა, რაც წლიურად 162.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

TOP-5 იმპორტირებული პროდუქტი იანვარ-სექტემბერში:

  1. მაცივრები, საყინულეები და სხვა სამაცივრო ან საყინულე მოწყობილობები - $9.1 მლნ;
  2. დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - $1.5 მლნ;
  3. პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, შაქარლამა, ნამცხვარი და სხვა პურ-ფუნთუშეული - $727.7 ათასი;
  4. ბოცები, ბოთლები და სხვა მინის ტევადობები - $327.5 ათასი;
  5. წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებული - $244.3 ათასი.

ექსპორტს საქართველო - მოლდოვის სავაჭრო ბრუნვაში მცირე ადგილი უკავია და წელს ქვეყანამ იანვარ-სექტემბერში 8.4 მლნ დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა, რაც წლიურად მცირედ - 1.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

საექსპორტო საქონლის TOP-5-ეული ასეთია:

  1. მსუბუქი ავტომობილები - $3მლნ დოლარი;
  2. მინერალური და მტკნარი წყლები - $2.3 მლნ;
  3. დაფასოებულისამკურნალო საშუალებები - $1.4 მლნ;
  4. ტკბილი გაზიანი სასმელები - $316 ათასი;
  5. ხის სამშენებლო ნაწარმი - $247 ათასი;

ტურიზმი

2024 წლის, სამი კვარტალში მოლდოვიდან განხორციელებული ვიზიტები 21.3%-ით გაიზარდა და 11 108 ვიზიტორი შეადგინა.

გასულ, 2023 წელს საქართველოს მოლდოვას 12 042 ათასი მოქალაქე სტუმრობდა, რაც წლიურად 40.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები