მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ავსტრიის კანცლერი ეწვია - როგორია ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობა?

63d7b31d6ab1e
ვიქტორია მღებრიშვილი
30.01.23 16:50
698
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი ეწვია. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ მხარეებმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს, სადაც მათ შორის ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ კანცლერთან ვიზიტისას საუბარი ქვეყნებს შორის ვაჭრობის, ტურიზმის და ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით კავშირების გაღრმავებას შეეხო. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო ინვესტირებისთვის საინტერესო ადგილია და ქვეყანაში ბოლო 2 წელია ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება. „საქართველო მსოფლიოში მე-7 ადგილზე ბიზნესის კეთების მიმართულებით, ასევე ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებბიუროკრატიული და ნაკლები ბარიერების მქონე ქვეყანა და ჩვენ ყოველთვის მივესალმებით ავსტრიული კომპანიების, ავსტრიელი ინვესტორების შემობრძანებას საქართველოში“, - განაცხადა პრემიერმა.

ავსტრიის ფედერალურმა კანცლერმა კარლ ნეჰამერმა კი აღნიშნა, რომ საქართველო ავსტრიისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია. მისი თქმით, ქვეყანა ავსტრიელი კომპანიებისთვის ტურიზმის და ენერგეტიკაში ინვესტირებისთვის მიმზიდველი ქვეყანაა.

როგორია საქართველო-ავსტრიას შორის კავშირები და BM.GE-მ ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობა რიცხვებში მიმოიხილა:

ინვესტიციები

საქსტატის 2022 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით ქვეყანაში შემოსული 1 მილიარდ 675 მილიონი დოლარია, თუმცა top-ინვესტორ ქვეყნებს შორის ავსტრია ამ პერიოდის განმავლობაში არ ყოფილა. 2021 წლის მონაცემებით კი ქვეყანაში განხორციელებულმა ავსტრიულმა ინვესტიციებმა 7.5 მლნ დოლარი შეადგინა, რაც საანგარიშო პერიოდის ჯამურ FDI-ის 0.6% იყო.

ვაჭრობა

2022 წელს საქართველო-ავსტრიას შორის სავაჭრო ბრუნვამ 77 მილიონ 870 ათასი დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის მაჩვენებელს 18.3%-ით აღემატებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის რეკორდული მაჩვენებელი - 124 მლნ დოლარი 2018 წელს ფიქსირდებოდა.

ავსტრიასთან სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტს მცირე წილი უკავია. გასულ წელს ამ მიმართულებით ქვეყნიდან სულ 2 მილიონ 601 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა. თავის მხრივ ეს მაჩვენებელი, 2021 წლისას 70.7%-ით აღემატება.

ექსპორტირებული საქონლის TOP-5-ეული ასე გამოიყურება:

1. თხილი და სხვა კაკალი - 514 ათასი დოლარი, 100 ტონა;
2. ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები - 426 ათასი დოლარი, 90 ტონა;
3. სამარჯვები ორთოპედიული; სხეულის ხელოვნური ნაწილები - 324 ათასი დოლარი;
4. ხე-ტყის მასალა - 277 ათასი დოლარი, 12 ტონა;
5. ფეროშენადნობები - 247 ათასი დოლარი, 192 ტონა.

ამ საქონლის გარდა მცირე მოცულობებით ავსტრიაში ყურძნის ნატურალური ღვინოები, სპილენძის ჯართი, ცხოველური და მცენარეული ცხიმები და სხვა საქონელი გაიყიდა.

რაც შეეხება იმპორტს, გასული წლის განმავლობაში საქართველოდან ავსტრიაში სხვადასხვა დასახელების საქონლის შესაძენად 75 მილიონ 268 ათასი დოლარი გავიდა. იმპორტი 2021 წელთან შედარებით 18.9%-ით გაიზარდა.

იმპორტირებული საქონლის TOP-5-ეული:

1. მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან და მათი ნაწილები - 9.2 მლნ დოლარი, 1 240 ტონა;
2. შაქრის დანამატიანი მინერალური წყლები - 5.2 მლნ დოლარი, 2 064 ტონა;
3. ორთოპედიული სამარჯვები, სხეულის ხელოვნური ნაწილები - 3.8 მლნ დოლარი, 1 ტონა;
4. ალაოს ექსტრაქტები - 3.1 მლნ დოლარი, 330 ტონა;
5. ხის სამშენებლო ნაწარმი - 3 მლნ დოლარი, 1 497 ტონა;

გარდა ამისა საქართველომ ამ პერიოდის განმავლობაში შეიძინა მაცივრები და საყინულეები, მსუბუქი ავტომობილები, დაფასოებული სამკურნალო საშუალებები, ძეხვი და ანალოგიური პროდუქტები ხორცის, ხორცის სუბპროდუქტების, კვების პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი, მანქანები და მოწყობილობები აწევის, ჩატვირთვის ან გადმოტვირთვისათვის, ტრაქტორები და უნაგირა საწევარები, დანადგარები საკვები პროდუქტების ან სასმელების სამრეწველო წარმოებისათვის, მოტოციკლები და ველოსიპედები, ეტლით ან მის გარეშე და ა.შ.

ტურიზმი

ტურიზმის ოფიციალური მონაცემებით, 2022 წლის განმავლობაში საქართველოს ავსტრიიდან სულ 5 376 ვიზიტორი ეწვია. გასულ წელს ამ მიმართულებიდან ტურიზმის დინამიკა სახარბიელო არ იყო და 2019 წელთან შედარებით აღდგენის მაჩვენებელმა მხოლოდ 44.9% შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები