საქართველოსა და ესპანეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობები დადებითი დინამიკით ხასიათდება. ძირითადი პარამეტრები ბოლო წლებში მზარდია, თუმცა საქართველოში ინვესტირებით ესპანელი ბიზნესმენები დიდად არ ინტერესდებიან და ამას ოფიციალური სტატისტიკა ცხადყოფს.
ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა 2023 წლის მონაცემებით, 48 მილიონს აღემატება, ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მოცულობა 30 432 დოლარს შეადგენს. პირენეის ნახევარკუნძულზე გაშლილ სახელმწიფოსთან საქართველო სავაჭრო ურთიერთობები მზარდია. 2024 წელს ქვეყნების სავაჭრო ბრუნვა 10%-ით 309.3 მლნ დოლარამდე გაიზარდა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კი სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელი ასე გამოიყენება:
2024 წელი - $309.3 მლნ;
2023 წელი - $280.4 მლნ;
2022 წელი - $219 მლნ;
2021 წელი - $205.6 მლნ;
2020 წელი - $172.6 მლნ;
ვაჭრობაში უმთავრეს ადგილს იმპორტი იკავებს, რაც გასულ წელს 37.5%-ით 274.6 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
TOP-5 იმპორტირებული პროდუქტი:
- დანარჩენი საქონელი - $52.2 მლნ;
- მოსაპირკეთებელი ფილები კერამიკული - $19 მლნ;
- ქალის კოსტუმები, კომპლექტები, კომბინეზონები, ბრიჯები და შორტები - $15.5 მლნ;
- ნაქსოვი სვიტერები, პულოვერები და ტრიკოტაჟის ანალოგიური ნაწარმი - $9.4 მლნ;
- დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - $8,8 მლნ;
რაც შეეხება ექსპორტს, გასულ წელს ექსპორტის მაჩვენებელი 57%-ით 34.6 მლნ დოლარამდე შემცირდა, რაც სპილენძის მადნებისა და კონცეტრატების მკვეთრი კლებით იყო განპირობებული. შესაბამისად ექსპორტირებული საქონლის რეიტინგში თუ წინა წლებში სპილენძის მადნები პირველ ადგილს იკავებდა, გასულ წელს ეს ადგილი თხილმა და სხვა კაკალმა დაიკავა:
- თხილი და სხვა კაკალი - $14,5 მლნ;
- აზოტოვანი სასუქები - $7,3 მლნ;
- ფეროშენადნობები - $6,5 მლნ;
- ელექტრული წყალგამახურებლები - $1,6 მლნ;
- მანგანუმის ოქსიდები - $862
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველო-ესპანეთის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა და 68.2 მლნ დოლარს შეადგენს, მაშინ როდესაც 2024 წლის იანვარ-მარტში ეს რიცხვი 55.9 მლნ დოლარი იყო.
ამ პერიოდში იმპორტი 53.4 მლნ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო ექსპორტი 14.7 მლნ დოლარამდე. წლის პირველ მეოთხედში ესპანეთის მიმართულებით ფეროშენადნობების ექსპორტი გააქტიურდა და 6.1 მლნ დოლარი შეადგინა. აღსანიშნია, რომ უმსხვილესი საქონლის პირველ სამეულში ადგილობრივად წარმოებული პროდუქტი შედის. რეიტინგში ფეროშენადნობების შემდეგ მეორე და მესამე ადგილს თხილი და სხვა კაკალი და აზოტოვანი სასუქები იკავებენ.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები
რაც შეეხება ესპანურ ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში, ევროკავშირის ამ ქვეყნიდან FDI-ის შემოდინება 2007 წლიდან დაიწყო და ყველაზე დიდი მოცულობითი ინვესტიციები 2022 წელს ჩაიდო, რაც 360 მილიონ დოლარს შეადგენდა. გასულ წელს კი ესპანური ინვესტიციების მაჩვენებელი უარყოფითი იყო. ფინანსური კაპიტალის გადინების მაჩვენებელმა -184 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს კი შესაძლოა, ქვეყნიდან ინვესტორების მიერ დივიდენდების გატანას უკავშირდებოდეს.
ფულადი გზავნილები
ესპანეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა ფულადი გზავნილების გადმორიცხვების მიხედვით. ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება. 2024 წელს ჯამურად ქვეყანაში 184 100 გზავნილით 70 მილიონ 424 ათასი დოლარი გადმოირიცხა, მაშინ როდესაც 2023 წელს 172 100 გზავნილით 62 მილიონ 317 ათასი დოლარი შემოვიდა.
ტურიზმი
დადებითია დინამიკა ტურიზმის მიმართულებითაც და ყოველწლიურად ესპანეთიდან საქართველოში სულ უფრო მეტი ვიზიტი სრულდება. წლიურ ჭრილში 2024 წელს ჩვენს ქვეყანაში ესპანეთიდან 14 735 ვიზიტი განხორციელდა, მაშინ როდესაც 2023 წელს ეს რიცხვი 12 943-ს შეადგენდა.
თუმცა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში დადებითი დინამიკა შეიცვალა და ესპანეთიდან ვიზიტების რაოდენობა შემცირებულია. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-მარტში საქართველოში ევროპის ამ ქვეყნიდან სულ 2 988 ვიზიტი განხორციელდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს მცირედ 2.9%-ით ჩამორჩება.