თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე ნოკერგული ატაგულიევი საქართველოში ვიზიტისას პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და ეკონომიკის მინისტრ მარიამ ქვრივიშვილს შეხვდა. მხარეებს შორის საუბარი საქართველოსა და თურქმენეთს შორის ურთიერთობების და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე წარიმართა. მათ შორის მთავრობის ადმინისტრაციის პრესრელიზში აღნიშნული იყო, რომ ქვეყნების თანამშრომლობა თვისებრივად ახალ დონეზეა აყვანილი. ეკონომიკის სამინისტროს პრესრელიზიდან კი ირკვევა, რომ თურქმენული მხარე საქართველოს მოქმედ პორტებთან ახლოს სასაწყობო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებით და ამ მიმართულებით ინვესტირებით არის დაინტრესებული. სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ინიციატივების განხილვის ჭრილში კი 6-7 მაისს, აშხაბადში ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისია სხდომის გამართვა იგეგმება. ამასთან, უახლოეს პერიოდში დაიგეგმება საქართველო-თურქმენეთის ბიზნესფორუმი.
BMG დაინტერესდა როგორია საქართველო-თურქმენეთის ეკონომიკური კავშირები. ოფიციალურ მონაცემებიდან ირკვევა, რომ ცენტრალური აზიის ამ ქვეყნიდან ინვესტიციების, ფულადი გზავნილების და ტურიზმის მაჩვენებლები არც ისე დიდია, ვაჭრობა კი ბოლო წლებში ავტომობილების გააქტიურებული რეექსპორტის გავლენით იზრდება.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები
საქართველოში თურქმენული პირდაპირი ინვესტიციების შემოდინება მცირე მოცულობებით 2012 წლიდან იწყება. ყველაზე დიდი FDI, რაც ქვეყნის ეკონომიკამ მიიღო 2019 წელს დაფიქსირდა და 3 მლნ დოლარი იყო.
2025 წელს თურქმენეთიდან FDI-ს სახით 2 მილიონი დოლარი, 2024 წელს კი 981 ათასი დოლარი ჩაიდო. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პორტალის მიხედვით, 2024 წელს თურქმენები ვაჭრობაში, ტრანსპორტსა და უძრავ ქონებაში ინვესტირებით ინტერესდებოდნენ. სამწუხაროდ, 2025 წლის ანალოგიური მონაცემები ღია არხებით ხელმისაწვდომი ჯერ არ არის.
ფულადი გზავნილები
თურქმენეთიდან ფულადი გზავნილების მონაცემებიც მცირეა და ასეულ ათასებს არ აღემატება. 2025 წელს ცენტრალური აზიის ამ ქვეყნიდან 347 ათასი დოლარი გადმოირიცხა, მაშინ როდესაც 2024 წელს 186 ათასი დოლარის ფულადი გზავნილი იყო გადმორიცხული.
2026 წლის პირველ ორ თვეში კი ჯამში 101 ათასი დოლარის გზავნილები მივიღეთ, რაც გასული წლის პირველი ორი თვის მაჩვენებელს აღემატება. სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ბოლო 2 წელიწადში თურქმენეთიდან მცირე მოცულობების ფულადი გზავნილები იზრდება.
ვაჭრობა
საქართველო- თურქმენეთის სავაჭრო კავშირი შედარებით მოცულობითია. 2025 წელს ეს მაჩვენებელი წლიურად 102.6 მლნ დოლარამდე გაიზარდა. მიზეზი ავტომობილების რეექსპორტის გაზრდილი მაჩვენებელია.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ორი ქვეყნის ექსპორტ-იმპორტის მაქსიმალური მაჩვენებელი 2021 წელს დაფიქსირდა, თუმცა ამის შემდეგ ვაჭრობა კლების ტრენდს აჩვენებდა. მოცემულობა ზრდის მიმართულებით სწორედ 2025 წელს ავტომობილების რეექსპორტის გააქტიურების შემდეგ შეიცვალა.
TOP-10 პროდუქტი, რომელიც თურქმენეთში საქართველოდან იყიდება ასეთია:
- მსუბუქი ავტომობილები - $30.4 მლნ;
- ფრინველის ხორცი გაციებული ან გაყინული - $20.5 მლნ, 13 227 ტონა;
- დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - $2.6 მლნ, 99 ტონა;
- ფეიერვერკები - $1.8 მლნ;
- ბანანები - $966 ათასი, 1 061 ტონა;
- ღვინო - $766 ათასი, 233 397 ლიტრი;
- სპირტიანი სასმელები - $729 ათასი, 22 468 ლიტრი;
- კვების პროდუქტები სხვა ადგილას დაუსახელებელი - $679 ათასი;
- მინერალური და მტკნარი წყლები - $672 ათასი, 562 837 ლიტრი;
- ლიმონათები - $542 ათასი, 491 207 ლიტრი;
2026 წლის იანვარ-თებერვალში თურქმენეთში ექსპორტი 171%-ით 2 მილიონ 886 ათას დოლარამდე გაიზარდა. ესეც ავტომობილების რეექსპორტის მატებით არის განპირობებული. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ამ პერიოდში თურქმენეთში ჯამში 1 მილიონი ღირებულების 89 მანქანა გავიდა. შარშან კი სულ 67 ათასის ღირებულების 3 ავტომობილი იყო რეექსპორტირებული.
რეექსპორტით გაზრდილი ექსპორტის საპირისპიროდ, ბოლო წლებში თურქმენეთიდან იმპორტი მცირდება. 2025 წელს საქართველომ ცენტრალური აზიის ამ ქვეყნიდან 39 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა. კლება 33%-ია.
იმპორტის ნახევარზე მეტი ნავთობპროდუქტებზე მოდის. TOP-10 საქონლის რეიტინგი კი, რომელიც თურქმენეთიდან საქართველოში შემოვიდა ასეთია:
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $23.6 მლნ; 33 106 ტონა;
- ნავთობის კოქსი, ბიტუმი და სხვა - $5.7 მლნ, 17 123 ტონა;
- თაბაშირის ნაწარმი - $1.8 მლნ 11 873 ტონა;
- ბუნებრივი ასფალტი და ბიტუმოვანი ნარევი - $930 ათასი, 2 591 ტონა;
- პური და პურფუნთუშეული - $872 ათასი, 605 ტონა;
- აზოტოვანი სასუქები - $847 ათასი, 2 100 ტონა;
- შოკოლადი და კაკაოს შემცველი პროდუქტები - $774 ათასი, 354 ტონა;
- ჭურჭელი სასადილო, საოჯახო ნივთები სხვა და ტუალეტის საგნები პლასტმასებისაგან - $657 ათასი, 297 ტონა;
- კერამიკის ბაკნები, პირსაბანები - $387 ათასი, 424 ტონა;
- სატვირთო ავტომობილები - $350 ათასი, 15 ცალი.
ტურიზმი
2025 წელს თურქმენეთიდან ტურისტული ნაკადები გაიზარდა. გასულ წელს საქართველოში ჯამში 19 170 ვიზიტი შესრულდა, რაც წლიურად 9.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, თურქმენეთიდან ვიზიტები სწრაფად აღდგა და პანდემიამდელ [13 708 ვიზიტი]მაჩვენებელს 2023 წელს [13 179 ვიზიტი] თითქმის გაუთანაბრდა. 2024 წელს [17 546 ვიზიტი] კი გადაასწრო.




























