ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ჩინეთშია. უწყების ცნობით, მარიამ ქვრივიშვილმა და ჩინეთის კიბერსივრცის ადმინისტრაციის დირექტორმა, ჭუანგ ჟუნგვენმა შეხვედრაზე ყურადღება ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე ორმხრივი ეკონომიკური კავშირების განვითარებაზე გაამახვილეს.
„ხაზი გაესვა პროგრესს საქართველო - ჩინეთის სავაჭრო - ეკონომიკურ ურთიერთობებში, რაც მნიშვნელოვნად განაპირობა სამთავრობო და ბიზნესსექტორებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებამ. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ურთიერთობებზე კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში, რაც ხელს შეუწყობს ციფრული ეკონომიკის განვითარებას.
მარიამ ქვრივიშვილმა ჩინურ მხარეს საქართველოს ციფრული ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტები გააცნო. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მიზანს, მაქსიმალურად გააძლიეროს საკუთარი როლი, როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ციფრულ - სატრანზიტო ჰაბის“, - წერია ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებულ პრესრელიზში.
როგორია და არის თუ არა საქართველო-ჩინეთის ეკონომიკურ კავშირებში პროგრესი ამ კითხვაზე პასუხის გაცემას BM.GE პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, ვაჭრობის, ფულადი გზავნილების, ტურიზმის ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით შეეცდება.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები
2025 წელს საქართველოს ეკონომიკაში ჩინეთიდან პირდაპირი ინვესტიციების მოცულობამ 32 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის FDI-ის 5-ჯერ აღემატება. თუმცა 2023 წელს ჩინური ინვესტიციები მოცულობა $99 მილიონს აღწევდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთიდან საქართველოს ეკონომიკით და მასში ინვესტირებისადმი ინტერესი 2002 წლიდან გაჩნდა და ყველაზე მაღარ ნიშნულს 220 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით 2014 წელს მიაღწია.
ვაჭრობა
ჩინეთი წლების განმავლობაში საქართველოსთვის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის ადგილს იკავებს. 2025 წლის მონაცემებით აზიის ამ უმსხვილეს სახელმწიფოსთან ბრუნვა 2 მილიარდ 314 მილიონი დოლარი შეადგინა.
2026 წლის I კვარტალში კი ჩინეთთან ვაჭრობა 55.4%-ით 690 მილიონ დოლარამდე გაიზარდა და სავაჭრო ქვეყნების რეიტინგში 11.8%-იანი წილით თურქეთისა და რუსეთის შემდეგ მესამე ადგილი დაიკავა.
წელს ჩინეთში საქონლის ექსპორტი 278.1%-ით გაიზარდა და 203 მილიონი დოლარი შეადგინა. ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, რომ ეს ძვირფასი ლითონებისა და სპილენძის მადნებისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვების გააქტიურებამ განაპირობა. სწორედ ეს პროდუქტებია არიან უმსხვილესი საექსპორტო საქონლის პირველ სამეულში. ჩინეთში ექსპორტირებული საქონლის TOP-5-ეული კი ასეთია:
- ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - $135.6 მლნ, 27 863 ტონა;
- სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $24.5 მლნ, 6 519 ტონა;
- სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $22.8 მლნ, 29 239 ტონა;
- კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები - $9.8 მლნ, 2 314 ტონა;
- მედიცინასა და ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ხელსაწყოები - $3.2 მლნ, 10 ტონა;
რაც შეეხება იმპორტს, საქართველომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 487 მილიონ 565 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა. წლიური ზრდა 24.8%-ია. ქვეყნისთვის იმპორტიორი ქვეყნების რეიტინგში ჩინეთი 11.8%-იანი წილით მესამე ადგილს იკავებს.
იანვარ-მარტში ჩინეთიდან საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა ნახევარგამტარი ხელსაწყოებისა და ელექტროგენერატორული დანადგარების შემოტანა. TOP-5 საიმპორტო საქონლის რეიტინგი კი ასეთია:
- ნახევარგამტარი ხელსაწყოები - $31 მლნ, 3 693 ტონა;
- ელექტროგენერატორული დანადგარები და მბრუნავი ელექტრო გარდამქმნელები - $18.7 მლნ, 4 181 ტონა;
- მსუბუქი ავტომობილები - $16.4 მლნ, 1 732 ცალი;
- რკინის ბრტყელი ნაგლინი - $14 მლნ, 19 341 ტონა;
- მოწყობილობები ჰაერის - $12.2 მლნ, 1 676 ტონა;
ფულადი გზავნილები
ჩინეთიდან წელს პირველ კვარტალში ფულადი გზავნილების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. იანვარ-მარტში საქართველოში 4 მილიონი დოლარის ფულადი გზავნილები გადმოირიცხა, რაც 2025-ის წლიურ გზავნილებსაც აღემატება.
ჩინეთიდან ფულადი გზავნილები 2020 წლის შემდეგ 2022 წლამდე მცირდებოდა, თუმცა 2023 წლიდან კვლავ დადებითი დინამიკით ხასიათდება.
ტურიზმი
საქართველოს ტურიზმში ჩინეთი ერთ-ერთი მიმართულებაა, საიდანაც ბოლო წლებში ვიზიტები სტაბილურად იზრდება. მიუხედავად ამისა ტურიზმიდან შემოსავლის მხრივ ჩინეთი TOP-10-ეულში არ ხვდება.
2025 წელს ჩინეთიდან საქართველოში 128 ათასი ვიზიტი შედგა, წლიური ზრდა 44%-ს შეადგენდა. საქსტატის მიერ BMG-ისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ჩინეთიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა შარშან ჯამში 220 მლნ ლარი დახარჯეს, ეს ნიშნავს, რომ ვიზიტზე საშუალო ხარჯი 1 718 ლარის ფარგლებში იყო.
2026 წლის პირველ კვარტალში კი ჩინეთიდან ვიზიტების რაოდენობა 48.6%-ით 20 612-მდე გაიზარდა.




























