მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მცირე FDI, გაზრდილი ვაჭრობა... - როგორია საქართველო-უზბეკეთის ეკონომიკური კავშირები?

უზბეკეთი

საქართველო-უზბეკეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობები არც ისე მოცულობითია. თუმცა ბოლო წლებში ქვეყნების სავაჭრო ბრუნვა დადებითი ტენდენციით ვითარდება, რაც ავტომობილების რეექსპორტის გააქტიურებით არის განპირობებული. საქართველოში უზბეკეთიდან FDI და ფულადი გზავნილები არც ისეთი მაღალია, თუმცა მზარდია უზბეკი ტურისტების მხრიდან საქართველოთი დაინტერესების მაჩვენებლები.

ამასთან, უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში უზბეკეთის ბაზარზე გასვლით საქართველოდან უფრო მეტი ბიზნესი ინტერესდება. ამ მიმართულებით, ქართული კომპანიები განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდნენ, რაც 2020 წლიდან „თიბისი ბანკი“ უზბეკეთის ბაზარზე შევიდა და განვითარება დაიწყო.

BMG საქართველო-უზბეკეთის ეკონომიკური კავშირებით დაინტერესდა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, ვაჭრობის, ფულადი გზავნილებისა და ტურიზმში არსებულ ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით ქვეყნების ურთიერთობების განვითარების დინამიკას გთავაზობთ:

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

საქართველოში უზბეკეთიდან პირდაპირი ინვესტიციების ჩადება 2009 წლიდან იწყება და რიცხვები არც ისე დიდია. ბოლო 6 წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკაში ჯამში 19 მილიონი დოლარის უზბეკური ინვესტიცია ჩაიდო. ჩვენს ქვეყანაში უზბეკი ბიზნესმენები ძირითადად ვაჭრობით, უძრავი ქონებით და სტუმარმასპინძლობით ინტერესდებიან. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ცენტრალური აზიის ქვეყნებში განსაკუთრებით უზბეკეთის მიმართ ქართული ბიზნესის ინტერესი გაიზარდა. ამის ერთ-ერთი საფუძვლად შეიძლება ქართული კომერციული ბანკის „თიბისის“ უზბეკეთის ბაზარზე გასვლა დავასახელოთ. უზბეკეთის ბაზარზე TBC Bank-ის საკრედიტო პორტფელი 2025 წლის ბოლოსთვის უკვე $1-მილიარდიან ნიშნულს მიუახლოვდა, რეგისტრირებული მომხმარებლების რაოდენობა კი 23 მილიონამდეა.

სავაჭრო ბრუნვა

ბოლო წლების განმავლობაში საქართველო-უზბეკეთის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა, თუმცა ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით უნდა აღინიშნოს, რომ ეს ზრდა ძირითადად საქართველოდან უზბეკეთის მიმართულებით ავტომობილების რეექსპორტის გააქტიურებით არის განპირობებული.

2025 წლის მონაცემებით ქვეყნების სავაჭრო ბრუნვა 27.7%-ით 309 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ვაჭრობაში დიდი წილი ექსპორტს უკავია, რაც გასულ წელს 220 მილიონ დოლარს შეადგენდა. ეს რიცხვი 49.8%-ით არის გაზრდილი. როგორც აღვნიშნეთ, ბოლო 2 წელიწადში უზბეკეთში ექსპორტის ზრდა ავტომობილების გააქტიურებული რეექსპორტით არის განპირობებული. გასულ წელს ავტომობილები საექსპორტო საქონლის ჩამონათვალში პირველ ადგილს იკავებდა და რეკორდულად იყო გაზრდილი.

TOP-10 საექსპორტო საქონლის რეიტინგი ასეთია:

  1. მსუბუქი ავტომობილები - $77.5 მლნ, 2 658 ცალი;
  2. დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - $64.3 მლნ, 633 ტონა;
  3. ლიმონათები - $13.2 მლნ, 10 მლნ ლიტრამდე;
  4. ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტი - $13 მლნ, 67 ტონა;
  5. მინერალური წყლები - $12.1 მლნ, 13 მლნ ლიტრი;
  6. საფრენი აპარატები - $7 მლნ, 54 ტონა;
  7. შოკოლადები და კაკაოს შემცველი კვების პროდუქტები - $7 მლნ, 820 ტონა;
  8. მედიცინაში გამოსაყენებელი ხელსაწყოები - $3.9 მლნ, 11 ტონა;
  9. ორთოპედიული სამარჯვები - $2.2 მლნ, 1 ტონა;
  10. ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, სატკეპნი მანქანები - $1.9 მლნ, 21 ცალი;

2026 წლის იანვარ-თებერვალში ექსპორტი უზბეკეთში მცირედ 22 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ პერიოდში უზბეკეთში ავტომობილების ექსპორტი ღირებულებაში მცირედით 3.6 მლნ დოლარამდე შემცირდა, თუმცა რაოდენობაში გაზრდილია (256 ავტომობილი). რას იმას ნიშნავს, რომ ამ მიმართულებით წელს უფრო დაბალფასიანი ავტომობილების რეექსპორტი ხდება.

რაც შეეხება იმპორტს, 2025 წელს საქართველოში უზბეკეთიდან საქონლის იმპორტი შემცირდა და 89 მილიონი დოლარი შეადგინა. კლება 6.2%-ია.

შემცირების ტენდენცია 2026 წლის პირველ ორ თვეშიც გაგრძელდა და ჯამში ამ პერიოდში უზბეკეთიდან 9 მილიონ 145 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი შევიძინეთ.

წლიურ ჭრილში იმპორტის კლება ძირითადად სპილენძის მავთულის და ნავთობპროდუქტების გადმოზიდვების შემცირებით არის განპირობებული.

იმპორტირებული საქონლის TOP-10-ეული კი ასეთია:

  1. სპილენძის მავთული - $20.1 მლნ, 2 001 ტონა;
  2. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $16 მლნ, 26 723 ტონა;
  3. პარკოსანი ბოსტნეული გამხმარი - $9.6 მლნ, 10 887 ტონა;
  4. თხილი და სხვა კაკალი - $5.2 მლნ, 1 277 ტონა;
  5. ახალი ან გამხმარი ყურძენი - $3.8 მლნ, 2 742 ტონა;
  6. ეთილენის პოლიმერები - $3.7 მლნ, 3 850 ტონა;
  7. სითხის საწეველები და ტუმბოები - $2.8 მლნ, 47 ტონა;
  8. ელექტრული ტრანსფორმატორები - $2.3 მლნ, 270 ტონა;
  9. ხახვი, პრასი, ნიორი - $1.6 მლნ, 6 791 ტონა;
  10. გამხმარი ნაყოფები - $1.5 მლნ, 1 022 ტონა;

ფულადი გზავნილები

უზბეკეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა არც ისე დიდია. გასულ წელს საქართველოში უზბეკეთიდან 12 მილიონ 716 ათასი დოლარის გზავნილი გადმოირიცხა, რაც 2024 წლის $11.8-მილიონიან მაჩვენებელს აღემატება.

2026 წლის პირველ 2 თვეში 1.8 მლნ დოლარის გზავნილებია გადმორიცხული, მაშინ როდესაც გასული წლის ამავე პერიოდში 1.6 მლნ დოლარი იყო.

რაც შეეხება გადარიცხვებს, ეს რიცხვი უფრო მოცულობითია. 2025 წელს საქართველოდან უზბეკეთში 20 მილიონი დოლარის ფულადი გზავნილი გადაირიცხა, რაც წლიურად 5 მლნ დოლარით გაზრდილი რიცხვია. 2026 წლის იანვარ-თებერვალში კი ფულადმა გადარიცხვებმა 2.5 მლნ დოლარი შეადგინა. გასული წლის 2 თვეში ფულადი გზავნილების მოცულობა $2.8 მლნ იყო.

ტურიზმი

უზბეკეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადები არც ისე დიდია, თუმცა წლების განმავლობაში მზარდია. ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, რომ უზბეკეთი იყო ერთ-ერთი იმ მიმართულებებს შორის საიდანაც პანდემიის შემდეგ სწრაფი აღდგენა ფიქსირდებოდა. 2025 წელს საქართველოში ცენტრალური აზიის ამ ქვეყნიდან 72 913 ვიზიტი შესრულდა, რაც 13.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები