მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაჭრობა, ინვესტიციები, ტურიზმი - როგორია საქართველო-ეგვიპტის ეკონომიკური კავშირები?

64197e139fc58
ვიქტორია მღებრიშვილი
21.03.23 14:59
720
საქართველოს სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებისგან შემდგარი დელეგაცია ეგვიპტეში, ქალაქ კაიროში ეგვიპტე-საქართველოს ბიზნესფორუმს ესწრება. წარმომადგენლობით დელეგაციას საქართველოს ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ხელმძღვანელობს, რომელიც ბიზნესფორუმის გახსნისას მისასალმებელი სიტყვით წარდგა და განაცხადა, რომ აღნიშნული ბიზნესფორუმი ორ ქვეყანას შორის წარმატებული თანამშრომლობის მაგალითი და ეკონომიკური და საქმიანი კავშირების შემდგომი გაღრმავების დამატებითი პლატფორმა გახდება. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. 

როგორია ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირები? – BM.GE-მ ეგვიპტესთან სავაჭრო კავშირების, ეგვიპტური ინვესტიციებისა და ტურიზმის მაჩვენებელს ერთად მოუყარა თავი.

სავაჭრო ბრუნვა

საქართველო-ეგვიპტის სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს 25 მილიონ 431 ათას დოლარს შეადგენდა. ეს მაჩვენებელი პანდემიამდელ 2019 წლის ნიშნულს 10.3%-ით ჩამორჩება, ხოლო გასული წლის მაჩვენებელს 62.7%-ით აღემატება.

ეგვიპტესთან ვაჭრობაში ექსპორტი მცირეა. გასულ წელს ქვეყანას საქონლის ექსპორტით მხოლოდ 2 მილიონ 374 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2021 წლის ექსპორტს 37.2%-ით ჩამორჩება. აღსანიშნია, რომ პანდემიურ წლებში ეგვიპტეში საქონლის რეალიზები მაჩვენებელი მინიმალური იყო (2020 წელი - 119 ათასი დოლარი).

უმსხვილესი სასაქონლო პროდუქტი, რომელიც ამ მიმართულებით ქვეყნიდან გაიყიდა ცოცხალი ცხვრები და თხები იყო. ექსპორტირებული საქონლის რეიტინგი ღირებულების მიხედვით კი ასეთია:

1. ცოცხალი ცხვრები და თხები - 1.2 მლნ დოლარი, 350 ტონა;
2. ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი - 688 ათასი დოლარი, 275 ტონა; ]
3. მანგანუმის ოქსიდები - 326 ათასი დოლარი, 375 ტონა;
4. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 52 ათასი დოლარი;
5. მსუბუქი ავტომობილები - 46 ათასი დოლარი.

ამ საქონლის გარდა მცირე მოცულობებით ეგვიპტეში თალგამურა, პირუტყვის საკვები ძირნაყოფები და ანალოგიური საკვები საშუალებები, სატვირთო ავტომობილები, ნახმარი ტანსაცმელი და ელექტრული წყალგამახურებლები გავიდა.

რაც შეეხება იმპორტს, საქართველომ გასული წლის განმავლობაში 23 მილიონ 056 ათასი დოლარის საქონელი შეიძინა, რაც 2021 წლის მაჩვენებელს 94.6%-ით აღემატება, თუმცა პანდემიამდელ 2019 წელს მცირედით ჩამორჩება (2019 წელი 27.7 მლნ დოლარი).

უმსხვილესი იმპორტირებული საქონლის ჩამონათვალი კი ასეთია:

1. კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები - 8.5 მლნ დოლარი, 12 784 ტონა;
2. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 3.7 მლნ დოლარი, 4 795 ტონა;
3. შაქარი - 1.6 მლნ დოლარი, 2 349 ტონა;
4. ელექტრული წყალგამახურებლები - 1.6 მლნ დოლარი, 238 ტონა;
5. ციტრუსების ნაყოფი ახალი ან გამხმარი - 1.4 მლნ დოლარი, 2 672 ტონა;
6. ნაყოფები სხვა, ახალი - 1.1 მლნ დოლარი, 1 344 ტონა.

ეგვიპტიდან შეძენილი საქონლის ჩამონათვალში ასევე ვხვდებით დაფასოებულ სამკურნალო საშუალებებს, მზა მატარებლებს, ასევე, ჩაუწერელი, ხმის ჩაწერის ან სხვა ანალოგიური მოვლენების ჩაწერისათვის, ფილები, ფურცლები სხვა პოლიმერული მასალებისაგან, საღებავები და ლაქები სინთეზური პოლიმერების ან ქიმიურად მოდიფიცირებული საფუძველზე, ნაყოფი და კაკალი შაქრის დამატებით ან მის გარეშე, აპარატურა მიმღები სატელევიზიო კავშირისათვის და სხვა.

ინვესტიციები

2022 წლის განმავლობაში საქართველოში ეგვიპტიდან უცხოური ინვესტიციების მოცულობა მცირე იყო და 3 მილიონ 837 ათასი დოლარს შეადგენდა. 2021 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 32.6%-ით მეტი იყო.

ტურიზმი

ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს ეგვიპტიდან ტურიზმი სრულად აღდგა და პანდემიამდელ 2019 წელს 3.3%-ით გადააჭარბა. ჯამში 2022 წლის განმავლობაში საქართველოში ეგვიპტიდან 8 806 ტურისტული ვიზიტი განხორციელდა. 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით ვიზიტების რაოდენობა 66.7%-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები