მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვაჭრობა, ინვესტიციები, ტურიზმი - როგორია საქართველო-სომხეთის ეკონომიკური კავშირები რიცხვებში

საქართელო-სომხეთი

დღეს, 30 იანვარს სომხეთის რესპუბლიკაში საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება, რომელიც რიგით მეთოთხმეტეა. დღესვე სომხეთში ვიზიტს გეგმავს "ქართული ოცნების" პრემიერი ირაკლი კობახიძე, რომელიც შეხვდება სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს. კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ისინი ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. აღსანიშნავია, რომ სომხეთი ერთ-ერთია იმ მცირე ჩამონათვალში, რომელმაც "ქართულ ოცნებას" 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

BM.GE გთავაზობთ ინფორმაციას საქართველო-სომხეთის ეკონომიკური კავშირების შესახებ.

ვაჭრობა

2024 წლის მონაცემებით, სომხეთი საქართველოს მეცხრე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. საქსტატის სტატისტიკით, გასულ წელს სომხეთთან სავაჭრო ბრუნვა 24%-ით შემცირდა და 853.7 მლნ დოლარი შეადგინა. გასულ წელს, სომხეთზე საქართველოს მთლიანი ექსპორტ-იმპორტის 3.6% მოდიოდა. სომხეთთან სავაჭრო ბალანსი დადებითია და საქართველო ამ მიმართულებით 2.6-ჯერ მეტს ყიდის, ვიდრე თავად ყიდულობს.

სომხეთში ექსპორტი

2024 წელს სომხეთი საექსპორტო პარტნიორებში მეხუთე იყო. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს მას უკეთესი პოზიცია ჰქონდა და მეორე ადგილი ეკავა. გასულ წელს, 21.5%-იანი კლების შემდეგ, ექსპორტმა 617.5 მლნ დოლარი შეადგინა. მეზობელ ქვეყანას საქართველოს ექსპორტში 9.4%-იანი წილი აქვს.

TOP-5 საექსპორტო საქონელი შემდეგია:

  • მსუბუქი ავტომობილები - $99.7 მლნ;
  • ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - $48 მლნ;
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $22.6 მლნ;
  • ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა - $22 მლნ;
  • სატვირთო ავტომობილები - $14.7 მლნ.

იმპორტი სომხეთიდან

სომხეთი ვერ ხვდება უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორების ჩამონათვალში. გასულ წელს იმპორტი 236.2 მლნ დოლარი იყო, რაც ქვეყნის მთლიანი იმპორტის 1.4%-ია. იმპორტის მაჩვენებელი 30%-ით არის შემცირებული.

TOP-5 საიმპორტო საქონელი შემდეგია:

  • სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $68.9 მლნ;
  • ნახევარფაბრიკატები ნახშირბადიანი ფოლადისაგან - $24 მლნ;
  • სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისგან - $21.6 მლნ;
  • ბოცები, ბოთლები და სხვა მინის ტევადობები - $20.2 მლნ;
  • მადნები და კონცენტრატები ძვირფასი ლითონებისა - $16.6 მლნ.

ინვესტიციები

სომხეთიდან საქართველოს ეკონომიკაში ჩადებული ინვესტიციების მოცულობა დიდი არ არის. მეზობელი ქვეყნიდან პირველი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია 2003 წელს შემოვიდა და 249.8 ათასი დოლარი იყო. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 19.5 მლნ დოლარი კი 2010 წელს დაფიქსირდა.

ბოლო 5 წელში სომხეთიდან შემოსული FDI ასეთია:

  • 2020 წელი - $10.8 მლნ;
  • 2021 წელი - $11.1 მლნ;
  • 2022 წელი - $13.1 მლნ;
  • 2023 წელი - $17.3 მლნ;
  • 2024 წელი (9 თვე) - $16.2 მლნ.

ტურიზმი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, გასულ წელს სომხეთიდან 948 299 საერთაშორისო ვიზიტორის ვიზიტი განხორციელდა, რაც 2023 წლის მაჩვენებელს 1.5%-ით ჩამორჩება. სომხეთი მესამეა რუსეთის და თურქეთის შემდეგ, საიდანაც ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა.

ფულადი გზავნილები

2024 წელს სომხეთიდან 13 მლნ დოლარის ფულადი გზავნილი შემოვიდა, რაც წლიურად 36%-იანი კლებაა. ამ მაჩვენებლით მეზობელი ქვეყანა გზავნილებში ძირითადი ქვეყნების 20-ეულს მიღმაა. საქართველოში სომხეთიდან ყველაზე მეტი თანხა, 54.3 მლნ დოლარი 2022 წელს გადმოირიცხა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები