მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შარშან EU-დან ვიზიტები გაიზარდა, თუმცა 2019 წლის მაჩვენებელს ისევ ჩამორჩება

საქართველო

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2024 წელს საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები 2023 წელთან შედარებით 4.6%-ით გაიზარდა და 6.4 მილიონს გადააჭარბა. 2019 წლის მაჩვენებელს ვიზიტორების რიცხვი ჯერ არ დაბრუნებია და 16%-იანი ჩამორჩენა აქვს. ტურისტული ვიზიტები თითქმის 5.1 მლნ იყო, რაც 9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. ხოლო ერთდღიანი ვიზიტები 9.2%-ით 1 364 332-მდეა შემცირებული.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მეთოდოლოგიით, ვიზიტორი 15 წლის ან უფროსი ასაკის პირია, რომელიც ქვეყნიდან ერთ წელზე ნაკლები დროით გავიდა. ვიზიტორებში არ შედიან: დასაქმების მიზნით წასულები; დიპლომატები; შეიარაღებული ძალების წევრები ან მათ კმაყოფაზე მყოფი პირები. ტურისტი არის ვიზიტორი, რომელმაც, სულ მცირე, ერთი ღამე მაინც გაათენა უცხო ქვეყანაში; ერთდღიანი ვიზიტორი (ექსკურსანტი) არის ვიზიტორი, რომელიც ღამეს არ ათენებს საქართველოს ტერიტორიაზე.

საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტებით კვლავ რუსეთი ლიდერობს, საიდანაც 2024 წელს 1 42 1923 ვიზიტი შედგა, წლიურ ჭრილში ზრდა უმნიშვნელო 0.2%-ია.

ყველაზე მეტი ვიზიტი 2024 წელს შემდეგი ქვეყნებიდან იყო:

  1. რუსეთი - 1 42 1923 (ზრდა 0.2%);
  2. თურქეთი - 1 336 834 (კლება 4.3%);
  3. სომხეთი - 948 299 (კლება 1.5%);
  4. ისრაელი - 310 982 (ზრდა 43.3%);
  5. აზერბაიჯანი - 219 356 (ზრდა 9.8%);
  6. ყაზახეთი - 178 930 (ზრდა 6.8%);
  7. ირანი - 145 670 (ზრდა 15.4%);
  8. ბელარუსი - 140 536 (ზრდა 7.9%);
  9. ინდოეთი - 124 335 (ზრდა 46.8%);
  10. უკრაინა - 118 528 (კლება 19.3%);

როგორც სტატისტიკიდან ჩანს, ევროკავშირის ვერცერთი ქვეყანა ათეულში ვერ მოხვდა.2024 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან 438 414 ვიზიტი შედგა, 2023 წელთან შედარებით ვიზიტები მხოლოდ 4%-ით არის გაზრდილი. 2019 წელთან შედარებით კი 9.6%-ით შემცირებული მაჩვენებელია. ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტების კუთხით გერმანია ლიდერობს 78 644-ით, რაც წლიურად 14.3%-იანი ზრდაა. მეორე ადგილზეა პოლონეთი, თუმცა 2023 წელთან შედარებით აქედან ტურისტები 27%-ით 66 504-მდე შემცირდა. მესამე ადგილზეა 32 372 ვიზიტით დიდი ბრიტანეთი, რომელსაც ბრექსიტის მიუხედავად ადმინისტრაცია ისევ ევროკავშირის ქვეყნებთან ერთად ითვლის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები