მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-დან საქართველოში ვიზიტები გაიზარდა - ექვს თვეში ევროპიდან 162 000-მდე შემოსვლა დაფიქსირდა

64b5040a9014e
მარიამ ვარადაშვილი
17.07.23 13:22
803
მიმდინარე წლის ექვს თვეში ევროკავშირის ქვეყნებიდან 161 881 ვიზიტი განხორციელდა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 66%-იანი ზრდაა, თუმცა პანდემიამდე პერიოდის მაჩვენებელზე 12%-ით ნაკლებია.

ევროკავშირის ქვეყნებიდან 36 103 ვიზიტით პოლონეთი ლიდერობს, საიდანაც წლიური ზრდა 135%-ია, 2019 წლის მაჩვენებელს კი 17.3%-ით აღემატება. მეორე ადგილს გერმანია იკავებს 25 020 ვიზიტით, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა თითქმის 45%-ს შეადგენს, თუმცა ნაკლებია 26.4%-ით 2019 წლის მაჩვენებელზე.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დიდი ბრიტანეთიდან განხორციელებულ ვიზიტებს ბრექსიტის მიუხედავად, კვლავ ევროკავშირის ქვეყნებთან ერთად ითვლის. აქედან გამომდინარე, მესამე ადგილზეა დიდი ბრიტანეთი 12 922 ვიზიტით. ეს წლიურად 44%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, ხოლო 2019 წელთან შედარებით 21.5%-ით ნაკლებია. მეოთხე და მეხუთე ადგილებს ლატვია და საფრანგეთი იკავებენ 9 441 და 9 159 ვიზიტით, წლიური ზრდა 63% და 45%-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, პირველ და მეორე კვარტალში საქართველოში 2,860,117 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 74% აღდგენაა. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 76 %-ს შეადგენს.

6 თვეში ქვეყანაში 1,930,483 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემის 91%-ით აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა 59.6%-ს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები