საქსტატმა 2025 წლის II კვარტალის მთლიანი შიდა პროდუქტის შეფასება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც მშპ-ის ზრდამ ამ კვარტალში 7.3% შეადგინა. ანგარიშიდან ირკვევა, რომ ეკონომიკის არაერთ სისტემურ დარგში ზრდა დაბალია - მაგალითად, ვაჭრობაში მატება მხოლოდ 1.5%-ია, ხოლო დამმუშავებელ მრეწველობაში კი 2%. ამასთან, რამდენიმე სექტორში ზრდის ნაცვლად შემცირებაა - კერძოდ მშენებლობის სექტორში კლება 2.6%-ია, ენერგეტიკაში 7%; სოფლის მეურნეობაში კი 2.5%.
საქსტატის ანგარიშის თანახმად, მეორე კვარტალში ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ინფორმაციისა და კომუნიკაციის (IT სექტორი) იყო, რომლის ზრდაც 37% იყო. ასევე განსაკუთრებით მაღალი 28%-ის ტემპით გაიზარდა განათლების სექტორი, ხოლო აზარტული თამაშების სექტორი კი 16%-ით გაიზარდა. რომ არა ამ სექტორებში არსებული ზრდა მეორე კვარტალში საქართველოს ეკონომიკური ზრდა 5%-ზე დაბალი იქნებოდა.
ეკონომიკური ზრდა სექტორების მიხედვით:
| სექტორი | II კვ. 2025 ლარებში | სექტორის ზრდა/კლება |
| საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი | 3,277,600,000 ლარი; | 1.5% |
| უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები | 2,024,300,000 ლარი; | 1.7% |
| დამმუშავებელი მრეწველობა | 1,978,400,000 ლარი; | 2.0% |
| ინფორმაცია და კომუნიკაცია | 1,667,100,000 ლარი; | 37.1% |
| მშენებლობა | 1,633,000,000 ლარი; | -2.6% |
| სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა | 1,551,300,000 ლარი; | -2.5% |
| სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება | 1,505,100,000 ლარი; | 9.1% |
| განათლება | 1,492,700,000 ლარი; | 28.9% |
| საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები | 1,207,900,000 ლარი; | 11.8% |
| ტრანსპორტი და დასაწყობება | 1,182,300,000 ლარი; | 3.1% |
| განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები | 1,016,700,000 ლარი; | 8.4% |
| ხელოვნება, გართობა და დასვენება (აზარტული თამაშები) | 993,800,000 ლარი; | 16.0% |
| ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები | 893,100,000 ლარი; | 14.3% |
| ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (ენერგეტიკა) | 493,900,000 ლარი; | -7.0% |
| პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები | 483,400,000 ლარი; | 6.2% |
| ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები | 268,600,000 ლარი; | 13.6% |
| სამთომოპოვებითი მრეწველობა | 221,600,000 ლარი; | 0.1% |
| სხვა სახის მომსახურება | 216,400,000 ლარი; | -2.5% |
| წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები | 155,900,000 ლარი; | 8.4% |
| შინამეურნეობების, როგორც დამქირავებლის, საქმიანობები; არადიფერენცირებული საქონლის და მომსახურების წარმოება შინამეურნეობების მიერ საკუთარი მოხმარებისათვის | 15,900,000 ლარი; | -44.7% |




























