მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვაჭრობა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა - საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა

საქართველო-უნგრეთი

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო-უნგრეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის რიგით მე-6 სხდომა გაიმართა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, უნგრეთის მხარეს თავმჯდომარეობდა თავდაცვის მინისტრის მოადგილე, სახელმწიფო მდივანი ტამაშ ვარგა.

"კომისიის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველო-უნგრეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები შემდეგ სფეროებში: ვაჭრობა და ინვესტიციები, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა და ენერგეტიკა, ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა და ინოვაციები, განათლება და მეცნიერება, კულტურა და სხვა.

მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ უნგრეთის მხარეს გადაეცემა საქართველოში არსებული საინვესტიციო პროექტების სპეციალური კატალოგი პოტენციური ინვესტორებისთვის გასაცნობად. ასევე გაიმართა სამუშაო ჯგუფების შეხვედრები ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით, რომლის დროსაც საუბარი შეეხო თანამშრომლობის გაღრმავებას აღნიშნულ სექტორებში", - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის ვაჭრობის ზრდად დინამიკაზე. აღინიშნა, რომ 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოსა და უნგრეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 47%-ით გაიზარდა. ასევე ზრდადი იყო როგორც სავაჭრო ბრუნვა, ისე ექსპორტი 2024 წელს - ორმხრივი ვაჭრობა 14%-ით, ხოლო ექსპორტი 93%-ით გაიზარდა. შეხვედრაზე ითქვა, რომ ზრდადი სავაჭრო ბრუნვის მიუხედავად, მისი მატების პოტენციალი ძალიან დიდია.

როგორც "ქართული ოცნების" ეკონომიკისა მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ განაცხადა, უნგრეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტის წილის ზრდის ხელშეწყობა და ქართული კომპანიების მიერ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ (DCFTA) შეთანხმებით გათვალისწინებული შესაძლებლობების ათვისება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია.

კომისიის სხდომაზე ასევე გამახვილდა ყურადღება საქართველოსა და უნგრეთს შორის საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდული ტვირთების მოცულობის ზრდაზე. კერძოდ, საავტომობილო ტრანსპორტით 2025 წლის იანვარ-მარტის პერიოდში გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 5.5 ათასი ტონა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 114.7%-ით მეტია. რაც შეეხება 2024 წელს, აღნიშნულ პერიოდში გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 14.8 ათასი ტონა, რაც 2023 წელთან შედარებით 2.5%-ით მეტია. ქართულმა მხარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა და დადებითად შეაფასა საქართველოში უნგრული ავიაკომპანია WizzAir-ის საქმიანობა.

აღინიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, როგორც WizzAir-ის მიერ ფრენების სიხშირეების გაზრდა და ასევე ახალი მარშრუტებისა და მიმართულებების დამატება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების ნაკადების ზრდას და ტურისტული სფეროს განვითარებას საქართველოში.

"საუბარი წარიმართა თანამშრომლობაზე შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ფარგლებში, რომლის განხორციელებაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია როგორც ევროკავშირის, ისე საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის.

სხდომის ფარგლებში, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და უნგრეთის მეორე მთავრობათაშორისი სამიტის ჩატარების მნიშვნელობას, რომელიც მიმდინარე წელს, 11-12 ივნისს უნგრეთში, ქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება", - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები