კივის მწარმოებელი კომპანია „ნერგეტას“ თანადამფუძნებელ კოტე ვეკუას აზრით, საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესი ევროკავშირის ბაზართან მჭიდროდ რომ იყოს დაკავშირებული, ხელისუფლება ევროპის ქვეყნების ლიდერების კრიტიკულ გზავნილებს და მოწოდებებს ვერ დააიგნორებდა.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ „რუსული კანონის“ და საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე ბიზნესის მოლოდინებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
კოტე ვეკუას თქმით, პრობლემაა, რომ ბიზნესმა ვერ მოახერხა, ქვეყნის ექსპორტ-იმპორტში EU-ის წილი 70%-80% იყოს.
„რა მოლოდინებია კერძო სექტორში? - ჯერ მოდი, ვთქვათ საქართველოში კერძო სექტორი რა არის - უძრავი ქონების მშენებლობა-გაქირავება, ყიდვა-გაყიდვა და ბანკების მხრიდან მათი დაფინანსება. ასევე, მასზე მიბმული სამშენებლო მასალების იმპორტი და რეალიზაცია და ტურიზმთან დაკავშირებული სხვადასხვა მომსახურება.
ჩვენი პრობლემა და ჩვენი შეცდომა, მათ შორის ჩემი კომპანიისაც არის შემდეგი - ქართულმა ბიზნესმა და ეკონომიკამ ვერ მოახერხა, რომ დავუშვათ ჩვენი ექსპორტის და იმპორტის 70-80% მოდიოდეს ევროკავშირის ბაზარზე; ვერ მოვახერხეთ ის, რომ ჩვენი ტურისტების 70-80% იყოს ევროპელი ტურისტი...
ეჭვიც არ შეგეპაროთ, ასე რომ იყოს, დღეს რომ იგნორირებას უკეთებს ჩვენი მთავრობა ევროპულ მოწოდებებს, ამას ვერ იზამდა, რადგან დაინახავდა მოსახლეობის შემოსავლების {შემცირების} და ბიუჯეტის შევსების საფრთხეს. ეს არის ჩვენი სერიოზული პრობლემა... ამიტომ არ მგონია, რომ ჩვენს ბიზნესს {შექმნილი ვითარება} დიდად ადარდებდეს, რადგან ისინი ევროპაზე მაინც და მაინც დიდად არ არიან დამოკიდებული“, - განაცხადა კოტე ვეკუამ.
"ნერგეტას“ თანადამფუძნებელმა „წერტილთან“ ინტერვიუში ახალი საექსპორტო პროდუქტების შექმნის საჭიროებასა დ ამ პროცესში მთავრობის როლზეც ისაუბრა.
„ევროპული ბაზრებისთვის უნდა შევქმნათ პროდუქცია... დიდი გეგმები უნდა არსებობდეს. მაგალითად, ახალმა პარლამენტმა და ახალმა მთავრობამ უნდა თქვას, რომ ხუთ წელიწადში საქართველოდან ევროკავშირში იქნება 10 მლრდ დოლარი... 5 წელიწადში საქართველოში ტურისტების 70% გვეყოლება ევროკავშირის ქვეყნებიდან და ა.შ.. მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს ადგილობრივ მწარმოებლებს, ბიზნესს ევროპულ სუპერმარკეტებთან კომუნიკაციაში, უნდა ჩამოიყვანოს მსხვილი შემსყიდველები და სხვა მსგავსი შემაჯანღარებელი ღონისძიებებია საჭირო. ერთპარტიულ მმართველობაში ასეთი ამბიციები ხელისუფლებებს არ აქვთ“, - დასძინა კოტე ვეკუამ.