"დავაწესოთ რეალური სანქციები, ვუმასპინძლოთ ევროპარლამენტში სალომე ზურაბიშვილს და მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის სურვილს, ხელახალი არჩევნების ჩატარების შესახებ" - სოციალ-დემოკრატების "პროგრესული ალიანსის" წარმომადგენელმა, ტობიას კრამერმა ამის შესახებ ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე ისაუბრა.
ტობიას კრამერი ერთ-ერთია იმ ექვს ევროდეპუტატს შორის, რომლებიც გასულ კვირას თბილისში დიპლომატიური ვიზიტით იმყოფებოდნენ და საპროტესტო აქციასაც დაესწრნენ.
კრამერმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე ევროკავშირისგან ქმედითი ნაბიჯები და ქართველი ხალხის გვერდში დგომა მოითხოვა. მისი თქმით, ევროპისგან ქმედით ნაბიჯებს ელოდებიან არა მხოლოდ ქართველები, არამედ უკრაინელები, მოლდაველები და ყველა, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვის.
"ახლახან დავბრუნდი თბილისიდან და რაც იქ ვნახე, სულის გამყინავია. მთავრობა, არჩევნების გაყალბების შემდეგ, თავს ესხმის თავისსავე მოსახლეობას და ცდილობს, ევროპული დემოკრატია ბელორუსულ ავტორიტარულ რეჟიმად გარდაქმნას, კრემლის ჩრდილის ქვეშ. ეს თამაშის რუსული, უკვე კარგად ნაცნობი წესებია, დეზინფორმაციის, მანიპულაციის, დაშინების, ძალადობისა და წამების წესები. ყოველ დღე ათობით და ასობით ათასი ადამიანი გამოდის ქუჩაში, ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში, სოფლებში, ქართველები თავიანთი ქვეყნისთვის, დემოკრატიისთვის, თავისუფლებისთვის იბრძვიან. ეს ხალხი საქართველოში იბრძვის, თუმცა ამას ოქროსფერვარსკვლავებიანი, ლურჯი დროშის ქვეშ აკეთებენ.
[ვიზიტის დროს] ქართველები გვეკითხებოდნენ, სად არის ევროპა ამ დროს? ქართველების მზერა ახლა ჩვენკენაა მომართული, არა მხოლოდ ქართველების, არამედ უკრაინელების, მოლდაველების და ყველასი, ვინ თავისუფლებისთვის იბრძვის. ვაჩვენოთ მათ, რომ საჭიროების ჟამს, ევროპას მოქმედება შეუძლია. შემოვიღოთ ნამდვილი სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც საკუთარ მოსახლეობას ჩაგრავს, ამ ოთახშივე ვუმასპინძლოთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის სურვილს, ხელახალი არჩევნების ჩატარების შესახებ. ქართველები ახლა ევროპული ღირებულებების დასაცავად მოქმედებენ და ჩვენც ანალოგიურად მოვიქცეთ", - განაცხადა ტობიას კრამერმა.